მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტმა მუშაობა დაიწყო და USAID-ის საქმიანობა შეისწავლა, სააგენტოს ვებგვერდი გაითიშა. აღნიშნული, როგორც ჩანს, ილონ მასკის განცხადებებს უკავშირდება, რადგან, როგორც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ამბობს, USAID-ის, როგორც ორგანიზაციის გამოსწორება შეუძლებელია, რის გამოც ის უნდა დაიხუროს.
კონკრეტულად რა ბედი ელის აშშ-ის უდიდეს დონორ ორგანიზაციას, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ ორგანიზაციაში პრობლემების შესაძლო არსებობას ქვეყნის პრეზიდენტიც ადასტურებს. დონალდ ტრამპის შეფასებით, USAID-ის მენეჯმენტში შეშლილი რადიკალები არიან და ახლა, ორგანიზაციის ამ ადამიანებისგან გაწმენდის პროცესი მიმდინარეობს. USAID-ის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი, სავარაუდოდ, მოგვიანებით მიიღებს.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, იგივე USAID, მსოფლიოს უდიდესი დონორი ორგანიზაციაა, რომელმაც ფისკალურ 2023 წელს სხვადასხვა ქვეყანას $72 მილიარდის ფინანსური დახმარება გამოუყო. USAID-ის მიერ დაფინანსებულ მიმართულებებს შორის ვხედავთ, როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ასევე ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას, სუფთა წყლის უზრუნველყოფას და შიდსის მკურნალობას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დათვლებით, USAID-ზე გლობალური ჰუმანიტარული დახმარების 42% მოდის.
თუმცა, როგორც ილონ მასკი ამბობს, USAID-ი კრიმინალური ორგანიზაციაა, რომელიც ამერიკელი მოქალაქეების ფულით ბიოლოგიური იარაღის, მათ შორის COVID-19-ის კვლევას აფინანსებდა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის განცხადებით, საგარეო დახმარების შემცირებით, რომელსაც ის თაღლითურ შავ ფულად მოიხსენიებს, აშშ-ის ხელისუფლებას შეუძლია ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი $1 ტრილიონით შეამციროს.




























