მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის, ილონ მასკის ქონება 700 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ამჟამად $749 მილიარდს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენის ქონების შეფასება დამატებით $139 მილიარდით მას შემდეგ გაიზარდა, რაც დელავერის უზენაესმა სასამართლომ მასკსა და კომპანია Tesla-ს ერთ-ერთ მსხვილ აქციონერს შორის წლობით გაგრძელებული დავა მილიარდერის სასარგებლოდ დაასრულა. მოსამართლემ განაჩინა, რომ მასკმა, როგორც Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ყველა ის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რისი შესრულების შემთხვევაშიც ბორდი მას კოლოსალური მოცულობის აქციებს ჰპირდებოდა.
მომჩივანი მხარე ამტკიცებდა, რომ $139-მილიარდიანი ჩეკის გამოწერა ბორდს რეალურად თავად მასკმა დაავალა, რადგან კომპანიაში სხვა ინვესტორების გავლენის შემცირება და ძალაუფლების საკუთარ ხელში კონცენტრირება სურდა. დირექტორთა საბჭოში მყოფმა მისმა მოკავშირეებმა კი თხოვნა შეასრულეს და სხვა აქციონერებს გავლენა შეუზღუდეს. მოსამართლემ ბრალდების მხარის არგუმენტი უსაფუძვლოდ გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ გასული კვირის დასაწყისში მასკი გახდა ასევე პირველი ადამიანი, ვისი ქონების შეფასებამაც $600 მილიარდს მიაღწია. მაშინ მსგავსი შედეგის დადებას ხელი კოსმოსური სფეროს ამერიკული გიგანტის, SpaceX-ის შეფასების მკვეთრმა ზრდამ შეუწყო ხელი. ცნობისთვის, მასკის მიერვე დაფუძნებულ ამ კომპანიაში მილიარდერი 42%-იან წილს ფლობს.




























