მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკის თქმით, SpaceX-ის და X-ის ოფისები კალიფორნიიდან ტეხასში გადადის

ილონ მასკი

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის გადაწყვეტილებით SpaceX-ისა და X-ის სათავო ოფისები ადგილს შეიცვლის და კალიფორნიიდან ტეხასში გადავა, რაც კალიფორნიის დემოკრატი გუბერნატორის, გევინ ნიუსომის საკამათო საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირდება, რომელიც ძალაში ორშაბათს შევიდა. დემოკრატი პოლიტიკოსის გადაწყვეტილებით, შტატის სკოლები ვალდებულნი აღარ იქნებიან მშობლებს შეატყობინონ, თუ მათი შვილი გენდერის შეცვლას განიზრახავს.

“ეს ბოლო წვეთი იყო. ამ და ამ დრომდე მიღებული სხვა კანონების გამო, რომელთაც იერიში ოჯახებსა და კომპანიებზე მიაქვთ, SpaceX-ის სათავო ოფისი კალიფორნიის ქალაქ ჰოუთორნიდან ტეხასის ქალაქ სტარბეისში გადავა”, - დაწერა ილონ მასკმა X-ზე, სადაც დასძინა, რომ სათავო ოფისის ადგილმდებარეობას X-იც შეიცვლის, რომელიც სან-ფრანცისკოდან ოსტინში გადავა. ილონ მასკმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე კალიფორნიის გუბერნატორს ერთი წლის წინ ესაუბრა და გააფრთხილა, რომ თუ ის კანონს მიიღებდა, კალიფორნიას ბევრი ოჯახი და კომპანია დატოვებდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ტიპის სოციალურ გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, დემოკრატი პოლიტიკოსები იღებენ, ხოლო რესპუბლიკელები, უფრო კონსერვატიულად ფიქრობენ და ხშირად, დემოკრატების პოლიტიკას ცვლიან. ასეთივე დაპირება გასცა რესპუბლიკელთა წლევანდელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა. დონალდ ტრამპის თქმით, თუკი ის არჩევნებში გაიმარჯვებს, სახელმწიფო დაფინანსებას შეუჩერებს იმ საავადმყოფოებს, რომლებიც ახალგაზრდებს სქესის და გენდერის შეცვლაში ეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ კომპანიისთვის სათავო ოფისის ადგილმდებარეობის შეცვლის გადაწყვეტილება ილონ მასკს ამ დრომდეც მიუღია, როცა 2021 წელს Tesla-ს სათავო ოფისი კალიფორნიის ქალაქ პალო ალტოდან ტეხასის დედაქალაქ ოსტინში გადაიტანა. იმ დროს, პალო ალტოს ოფისი სრულად არ დახურულა, რადგან ის Tesla-ს საინჟინრო ოფისი მოეწყო. ილონ მასკმა, შესაძლოა, SpaceX-ისა და X-ის შემთხვევაშიც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები