აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ კომპანია X-ის (ყოფილი Twitter) მფლობელის, ილონ მასკის წინააღმდეგ ინვესტორთა კოლექტიური სარჩელის განხილვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული დავა სოციალური ქსელის აქციების შეძენის პროცესში ინფორმაციის დაგვიანებულ გამჟღავნებას უკავშირდება.
სასამართლოს დადგენილებით, ყოფილ აქციონერებს ბიზნესმენის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის გაგრძელების უფლება ოფიციალურად მიენიჭათ.
მოგეხსენებათ, მოსარჩელე მხარე მილიარდერს თაღლითობაში სდებს ბრალს და კომპანიის წილის ფლობის შესახებ მონაცემების განზრახ დაფარვაში ადანაშაულებს. მოქმედი კანონმდებლობით, მასკს Twitter-ში ინვესტიციის განხორციელების შესახებ ინფორმაცია 2022 წლის მარტში უნდა წარედგინა. საქმის მასალების მიხედვით, მან საჯარო შეტყობინება დადგენილ ვადებთან შედარებით თითქმის ორი კვირით გვიან გაავრცელა. ამ პერიოდში ბიზნესმენმა კომპანიის ფასიანი ქაღალდები დაბალ ფასად შეიძინა, რადგან ინვესტორებმა Twitter-ის აქციონერებს შორის ილონ მასკის გამოჩენის სიახლე დროულად ვერ მიიღეს.
ინვესტორთა განმარტებით, ინფორმაციის დროული გამოქვეყნების შემთხვევაში, აქციების საბაზრო ღირებულება ბევრად ადრე გაიზრდებოდა. შესაბამისად, დაგვიანებული დეკლარირებით მათ მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგათ. აღნიშნული დავის ფარგლებში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ათასობით ყოფილი აქციონერი ითხოვს.




























