ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI-მ, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა OpenAI-ის ChatGPT-სა და Google-ის Bard-ისთვის კონკურენციის გასაწევად შექმნა, $500 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა, რაც კომპანიის მიერ დეკემბერში გამოცხადებული გეგმის ნახევარია. აღნიშნული საინვესტიციო რაუნდის შედეგად, კომპანიის შეფასება $15-$20 მილიარდის შუალედში მერყეობს.
ახალი საინვესტიციო რაუნდის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, Bloomberg-მა გაავრცელა, მაგრამ ანალოგიური სიახლე მალევე გამოჩნდა წამყვანი ტექნოლოგიური მედიასაშუალებების ვებგვერდებზეც. სიახლეს გამოეხმაურა თავად ილონ მასკიც, რომელმაც აღნიშნა, რომ Bloomberg-ი “ფეიკ ნიუსებს” ავრცელებს.
თავად ის ფაქტი, რომ ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის კომპანიას $1-მილიარდიანი საინვესტიციო რაუნდი აქვს გამოცხადებული, სიმართლეა, რაც კომპანიის მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისადმი წარდგენილი განაცხადით დასტურდება. როგორც თავის დროზე გახდა ცნობილი, X-ის აქციონერები ახალი კომპანიის 25%-იან წილს მიიღებდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რომელი აქციონერის წილის სანაცვლოდ გეგმავს ილონ მასკი მილიარდი დოლარის მოზიდვას.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ xAI-ის აქციონერებს შორის ბევრ ნაცნობ სუბიექტს შევხვდებით, ანუ იმ ადამიანებსა და კომპანიებს, რომელთა დახმარებით შეიძინა ილონ მასკმა Twitter-ი, ჯერ კიდევ 2022 წელს. Twitter-ის იმჟამინდელ ინვესტორებს შორის იყვნენ, როგორც Oracle-ის დამფუძნებელი, ლარი ელისონი, ასევე Sequoia Capital-ი, Andreessen Horowitz-ი, Fidelity Management & Research Co. და საუდის არაბეთის უფლისწული, ალვალიდ ბინ ტალალი.