დელავერის შტატის სასამართლომ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმად, მსოფლიოს უმდიდრესმა მეწარმემ, ილონ მასკმა კომპანია Tesla-დან მიღებული 56 მილიარდი დოლარის სახელფასო პრემია უკან უნდა დააბრუნოს, რადგან ის ამ მოცულობის თანხას არ იმსახურებდა.
სასამართლოს განმარტებით, 2018 წელს კომპანიის მენეჯმენტმა ილონ მასკს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი პრემია გადასცა, რაც წინააღმდეგობაში იყო Tesla-ს ინვესტორების ინტერესებთან და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა - მასკის გამდიდრებას. როგორც სასამართლოს 200-გვერდიან დასკვნაშია აღნიშნული, 2018 წელს კომპანია ზარალზე გადიოდა, მის დირექტორს კი რეკორდული მოცულობის პრემია ერიცხებოდა, რაც უბრალოდ აზრს მოკლებული ქმედება იყო.
მართალია, მასკი Tesla-ს ხელმძღვანელი და თან კომპანიის უმსხვილესი აქციონერია, თუმცა, მასკის გარდა, კომპანიას კიდევ მილიონობით სხვა აქციონერი ჰყავს, მათი ინტერესების დაცვა კი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მთავარი ამოცანაა. როგორც დელავერის სასამართლო ასკვნის, Tesla-ს მენეჯმენტიცა და ბორდიც შეთანხმებულად მოქმედებდნენ და არა ინვესტორების ინტერესებს, არამედ უშუალოდ ილონ მასკის პოზიციას იცავდნენ.
ამჟამად სასამართლო მასკისგან ამ 56 მილიარდი დოლარის უკან დაბრუნებას მოითხოვს, როგორც ნაღდი ფულის, ასევე აქციების დათმობის სახით.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და მილიარდერ მეწარმეს აქვს იმის საშუალება, რომ განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს, რასაც, ალბათ, იზამს კიდეც.
ამ საკითხთან დაკავშირებით მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში მხოლოდ ერთი წინადადება დაწერა: „არასოდეს დააფუძნოთ კომპანია დელავერში“.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.