ამერიკელმა ტრილიონერმა, ილონ მასკმა მედიაკონგლომერატ Skydance-ში დაახლოებით $1 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.
როგორც CNBC წერს, მასკის ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია Skydance-ის იმ სტრატეგიასთან, რომლის ფარგლებშიც მედიაგიგანტი დამატებითი კაპიტალის მოზიდვას ცდილობს.
ცნობისთვის, ინვესტიციის შესახებ ინფორმაცია პირველად გამოცემა Semafor-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი ფაქტი CNBC-ის ინფორმირებულმა წყარომაც დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ Paramount-მა Warner Bros. Discovery-ის შეძენის პროცესი 6 ოქტომბერს დაასრულა და გაერთიანებულ ჰოლდინგს Skydance-ი უწოდა.
კომპანიის თანათავმჯდომარეებმა, დევიდ ელისონმა და ინონ კრეიზმა, ორი მსხვილი კინოსტუდიის - Paramount-ისა და Warner Bros.-ის, ასევე სტრიმინგპლატფორმების - Paramount+-ისა და HBO Max-ის გაერთიანება დაიწყეს.
ამ პროცესში ხელმძღვანელებს შორის უფლებამოსილებები გადანაწილდა და მათ სატელევიზიო არხების პორტფელისა და ორი საინფორმაციო მიმართულების სრული ინტეგრაციაც დაევალათ.
აღსანიშნავია, რომ ახალი მედიაგიგანტი სამი წლის განმავლობაში $6 მილიარდის ოდენობის ხარჯების შემცირებას გეგმავს.
საინტერესო ფაქტია, რომ დევიდ ელისონის მამას, Oracle-ის თანადამფუძნებელ მილიარდერ ლარი ელისონს, ილონ მასკთან მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. უფროსმა ელისონმა 2018 წელს ინვესტიცია Tesla-ში განახორციელა და ავტომწარმოებლის დირექტორთა საბჭოს წევრიც გახდა.
მოგვიანებით, 2022 წელს, ბიზნესმენმა პლატფორმა Twitter-ის, ამჟამინდელი X-ის შესაძენად მასკს $1 მილიარდი გამოუყო.
























