მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკს გაერთიანებული სამეფოს პრემიერის გადაყენება სურს - FT

სტარმერი / მასკი

ამერიკულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ევროპულ პოლიტიკას გადასწვდა. გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ილონ მასკს მიაჩნია, რომ დასავლური ცივილიზაცია საფრთხის წინაშე დგას, რის გამოც მილიარდერი განიხილავს გზებს, თუ როგორ დაატოვებინოს კირ სტარმერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე.

გამომდინარე იქიდან, რომ გაერთიანებული სამეფო თავისებური საპარლამენტო დემოკრატიაა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად იმ ადამიანს ირჩევენ, რომელიც, ამავდროულად, მმართველი პარტიის ლიდერიცაა, შესაბამისად, თუ ილონ მასკს კირ სტარმერის გადაყენება სურს, მილიარდერი იძულებული იქნება მმართველი ლეიბორისტული პარტიის შიდა კონკურენცია წაახალისოს ან ოპოზიცია დააფინანსოს. ამ მხრივ, როგორც ჩანს, მილიარდერი მემარჯვენე პარტია Reform UK-ის მხარდაჭერას გეგმავს.

ილონ მასკს და კირ სტარმერს დაძაბული ურთიერთობა აქვთ, რაც სოციალურ ქსელში ერთმანეთის მისამართით გამოთქმული არაერთი ბრალდებით დასტურდება. გასული წლის აგვისტოში, მილიარდერმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში არსებულ დაძაბულობას ვერ მართავს, ხოლო საკითხებს ელიტური გადმოსახედიდან უყურებს, რამაც, შესაძლოა, გაერთიანებული სამეფო სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს.

რამდენიმე დღის წინ, ილონ მასკმა კირ სტარმერზე კიდევ ერთხელ გაილაშქრა და აღნიშნა, რომ ბრიტანელი, რომელიც 2008-2013 წლებში გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა, არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევებს ხელს აფასებდა, რის გამოც, მისი თქმით, კირ სტარმერი დაპატიმრებას იმსახურებს. სტარმერის გარდა, ამ კონტექსტში, ილონ მასკი სხვა ბრიტანელ მაღალჩინოსნებსაც შეეხო. ამ ბრალდებებს კირ სტარმერიც გამოეხმაურა და ილონ მასკი ტყუილში დაადანაშაულა.

ვინ არის ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები