მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი?

კირ სტარმერი

გაერთიანებული სამეფო უდიდესი პოლიტიკური ცვლილების წინაშე დგას, ქვეყანაში ჩატარებულ ვადამდელ არჩევნებში „კონსერვატიული“ პარტია 14-წლიანი მმართველობის შემდეგ დამარცხდა. მის ნაცვლად, არჩევნებში გამარჯვება „ლეიბორისტულმა“ პარტიამ მოიპოვა, რომელიც თემთა პალატაში 650 ადგილიდან 410 მანდატს დაიკავებს. საპირწონედ ამისა, „კონსერვატორები“ 131 ადგილს მიიღებენ, რაც ამ პოლიტიკური პარტიის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგია.

საერთაშორისო ექსპერტები „ლეიბორისტების“ გამარჯვებას საზოგადოებაში მმართველი ძალის მიმართ არსებულ ნეგატიურ განწყობას მიაწერენ, რაც რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის: შენელებული ეკონომიკური ზრდით, მაღალი ინფლაციით, გაძვირებული კრედიტით, საჯარო სკანდალებით და მინისტრების ხშირი ცვლილებით. შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანელები „კონსერვატორების“ 14-წლიანი მმართველობით დაიღალნენ და ხელისუფლებაში მათ ყოფნას წერტილი დაუსვეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ცვლილებასთან ერთად, ბრიტანეთში იცვლება მთავრობის მეთაურიც. მოქმედი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი თანამდებობას დათმობს და მის ადგილს „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი - სერ კირ სტარმერი დაიკავებს.

სტარმერი 61 წლის ინგლისელი იურისტი და პოლიტიკოსია, რომელსაც შთამბეჭდავი პროფესიული კარიერა აქვს. კრიმინალური სამართლის დარგში გაწეული სამსახურისა და ღვაწლისთვის მას ბრიტანეთის მონარქის მხრიდან რაინდის წოდებაც კი აქვს მინიჭებული.

2020 წლიდან ის „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერია, ხოლო 2015 წლიდან მოყოლებული ის ბრიტანეთის პარლამენტში იკავებს ადგილს. გარდა ამისა, 2008-დან 2013 წლამდე პერიოდში ის სახელმწიფო პროკურატურის ხელმძღვანელი იყო, რაც ბრიტანეთში ერთ-ერთ უმაღლეს საჯარო თანამდებობად ითვლება.

სტარმერს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, 2015 წელს ის ქვეყნის ოპოზიციამ „ჩრდილოვან მინისტრად“ აირჩია, ანუ მოქმედი მინისტრის მოადგილედ, რომელიც ოპოზიციის მიერაა დანიშნული და მთავრობის საქმიანობას კრიტიკული პერსპექტივიდან აფასებს, რაც ბრიტანული დემოკრატიული ტრადიციის ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ სტარმერი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის იდეას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა „ლეიბორისტული“ პარტიის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ამ ინიციატივის მომხრე იყო, ამიტომ, საბოლოო ჯამში, პარტიამ BREXIT-ის საკითხთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა და მოსახლეობის პოზიციას მიენდო.

რაც შეეხება სტარმერის წარმოშობას და განათლებას, როგორც ის თავად აღნიშნავს, მისი ოჯახი საშუალოზე დაბალი ეკონომიკური ფენიდან იყო, რადგან მათ არც კომფორტული ცხოვრება ჰქონდათ, არც ფუფუნების საგნები და არც მოგზაურობისა თუ დასვენების საშუალება. როგორც ის ამბობს, მან კარგად იცის ის სირთულე, რომელიც ეკონომიკურ სიდუხჭირესთან არის დაკავშირებული, სწორედ ამიტომ მან პოლიტიკაში მოსვლა და ქვეყანაში სიღარიბის პრობლემის მოგვარება დაისახა მიზნად.

სტარმერი თავისი ოჯახიდან პირველი წევრი იყო, რომელსაც უნივერსიტეტში ჩაბარების საშუალება მიეცა. მისი აკადემიური ცხოვრება „რეიგეიტის სკოლიდან“ დაიწყო, რომლის დამთავრების შემდეგ მან „ლიდსის უნივერსიტეტში“ სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა, საბოლოო აკადემიური ხარისხი კი მან „ოქსფორდის უნივერსიტეტში“ მიიღო 1986 წელს.

სიდუხჭირის მიუხედავად, სტარმერმა ნამდვილად მოახერხა ცხოვრების განმავლობაში წარმატების მიღწევა. მისი ოჯახი ამჟამად დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ქონებას ფლობს, რაც კარიერიდან დაგროვილ შემოსავალს, უძრავ ქონებას და სხვა აქტივებს აერთიანებს.

სტარმერის პოლიტიკურ ხედვას რაც შეეხება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი პრობლემას მემარცხენეობაში ხედავს, რაც ბრიტანული პოლიტიკისთვის ნამდვილად ახალია. წლების განმავლობაში, სტარმერი ცდილობდა, რომ პარტია გაესუფთავებინა ისეთი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც მკვეთრად პოპულისტურ, სოციალისტურ და მემარცხენე იდეებზე ჯიუტად იდგნენ. სტარმერის ლიდერობის პერიოდში „ლეიბორისტული“ პარტია მემარცხენე გაერთიანებიდან შედარებით ცენტრისტულ ძალად ჩამოყალიბდა, რასაც „ლეიბორისტების“ ნაწილიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, თუმცა სტარმერი ამტკიცებდა, რომ მისი ხედვა უფრო მეტ წარმატებას მოუტანდა პარტიას, ვიდრე იმ ტრადიციების მიყოლა, რომელსაც 14 წლის განმავლობაში შედეგი არ გამოუღია.

შედეგად, სტარმერმა არაერთ დაპირებაზე თქვა უარი, მათ შორის იმაზე, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პარტია გადასახადებს გაზრდიდა; უნივერსიტეტში სწავლის გადასახადებს გააუქმებდა და საჯარო უწყებების დიდ ნაწილს სახელმწიფო საკუთრებაში გადაიყვანდა. გარდა ამისა, მან უკან წაიღო დაპირება, რომ „ლეიბორისტული“ პარტია გარემოს დაცვის პოლიტიკაში ყოველწლიურად 35 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებდა, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს ისედაც არ უჭერდა.

კრიტიკოსთა ნაწილი სტარმერს „ლეიბორისტული“ პარტიის შინაარსისგან დაცლაში და სოციალისტური ღირებულებების გათელვაში ადანაშაულებს. „კონსერვატორები“ კი მას პოპულისტს უწოდებენ, რომელიც მხოლოდ იმას ამბობს, რაც იმ მომენტში მისთვისაა ხელსაყრელი და ამით მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.

საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით სტარმერი აცხადებს, რომ მას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან კარგი ურთიერთობა აქვს. ასევე, ის პირობას დებს, რომ ბრიტანეთი NATO-ს ძლიერ წევრად დარჩება და უკრაინის დახმარებას გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები