მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მარჯვენა ხელი გახდა, სახელმწიფოს წინაშე საკუთარ მოვალეობებს თეთრ სახლში მდებარე ოფისიდან შეასრულებს. ვაშინგტონის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ილონ მასკს ოფისი “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის” მანდატის ფარგლებში ეკუთვნის, რომელიც მას და კიდევ ერთ მილიარდერს, ვივეკ რამასვამის აშშ-ის ფედერალური მთავრობის დანახარჯების სრული აუდიტის ჩატარებას ავალდებულებს.
ილონ მასკის ოფისი პრეზიდენტ დვაიტ ეიზენჰაუერის შენობაში მოეწყობა, რომელიც თეთრი სახლის გვერდით მდებარეობს. ამგვარად, ილონ მასკი, რომლის კომპანიებს აშშ-ის მთავრობისგან მრავალმილიარდიანი კონტრაქტები აქვს მიღებული, ქვეყნის პრეზიდენტთან ახლოს ყოფნას გააგრძელებს და, სავარაუდოდ, მის პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ილონ მასკი დონალდ ტრამპის ყველაზე დიდი დონორია, რომელმაც მომავალ პრეზიდენტს ასობით მილიონი დოლარი გამოუყო.
დიდი ფინანსური მხარდაჭერის დამსახურებით, ილონ მასკი დონალდ ტრამპის უახლოესი გარემოცვის მუდმივი წევრი გახდა და სხვადასხვა გამოცემის ინფორმაციით, საცხოვრებლად ფლორიდაშიც კი გადავიდა, რადგან დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენცია, რომლის ტერიტორიაზე დასახლდა მილიარდერი ანტრეპრენიორი, სწორედ იქ მდებარეობს. ამასთან, ილონ მასკი ხშირად ესწრება ოფიციალურ შეხვედრებს და არაფორმალურ წვეულებებს, რომელთაც დონალდ ტრამპი ბოლო დროს ხშირად ატარებს. როგორც ამბობენ, ილონ მასკი მომავალი სამთავრობო კაბინეტის ფორმირებაშიც მონაწილეობს.
“სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი”, რომლის ხელმძღვანელად დონალდ ტრამპმა ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი დანიშნა არ არის ჩვეულებრივი დეპარტამენტი, ანუ სამინისტროს მსგავსი უწყება, რომელიც კონგრესის დონეზე არის აღიარებული. რეალურად, ეს დეპარტამენტი პრეზიდენტის ოფისთან არსებული ერთგვარი ხელოვნური ორგანიზაციაა, რომლის მანდატი პრეზიდენტისთვის რჩევების შემუშავება წარმოადგენს. ილონ მასკს აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის შემცირება სურს, თანაც არა რამდენიმე მილიონით ან მილიარდით, არამედ ერთბაშად ორი ტრილიონი დოლარით, რაც დაახლოებით იტალიის მთლიანი შიდა პროდუქტის ტოლია.