მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეიძლება შეიცვალოს ტრამპის დამარცხებით და რომელმა მილიარდერმა რა თანხა ჩადო კამპანიაში?

აშშ

რა შეიძლება შეიცვალოს ტრამპის დამარცხებით და რომელმა მილიარდერმა რა თანხა ჩადო კამპანიაში? - ეს ის ორი კითხვაა, რომლებიც 3 ნოემბრის არჩევნების ფონზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

2026 წლის შუალედური არჩევნები თავისი არსით ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა. სასწორზე ირანისა და უკრაინის ომების, ასევე საწვავის ფასების, ინფლაციის, ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოინდუსტრიის ბედი შეიძლება იდოს.

შანსების თვალსაზრისით, ამჟამად უპირატეს მდგომარეობაში დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის დასაბრუნებლად მათ სულ რაღაც 4 მანდატის მოგება სჭირდებათ, და ამდენივე 4 მანდატი დასჭირდებათ სენატში 51-ადგილიანი კონტროლის მოსაპოვებლადაც.

აღსანიშნავია, რომ საპროგნოზო ბაზრები 90%-ზე მეტი ალბათობით ვარაუდობენ, რომ, სულ მცირე, ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადავა. რაც შეეხება სენატს, აქ მოლოდინები მცირედით ნაკლებია და 67%-ს აღწევს.

რა შეიძლება შეიცვალოს დემოკრატების გამარჯვებით?

თუ ეს მოლოდინები სრულად გამართლდა და 3 ნოემბერს კონგრესს დემოკრატები ე.წ. ლურჯი ტალღით აიღებენ, მსოფლიოში არსებული ვითარება სრულად შეიცვლება. პარტიის ლიდერები ღიად აცხადებენ, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე დაბლოკავენ ირანზე თავდასხმის დაფინანსებას, გააუქმებენ რუსულ ნავთობზე შეღავათებს და პენტაგონის ბიუჯეტს პირდაპირ უკრაინის უწყვეტ დახმარებას მიაბამენ.

რაც შეეხება იმპიჩმენტს, რომელიც დემოკრატებს განსაკუთრებულად სურთ, ეს მარტივი მისაღწევი არ იქნება. სენატში ამისთვის დემოკრატებს ხმათა 2/3 დასჭირდებათ, რაც არჩევნების პროგნოზებს თუ დავეყრდნობით, ვერ მოხერხდება. ანალიტიკოსები მოელიან, რომ ხმების არქონის გამო "ლურჯები" ნაჩქარევ კენჭისყრას მოერიდებიან, სამაგიეროდ, სასამართლო დაკითხვების სერიებს დაიწყებენ.

როგორც მედია წერს, მიზანში ამოიღებენ ტრამპის ოჯახის კრიპტო და უძრავი ქონების გარიგებებს, ჯარედ კუშნერის ფონდებს და კავშირებს ისეთ გიგანტებთან, როგორებიც არიან „პალანტირი“, „ბლექროკი“ და „ტესლა“.

რის უფლებას შეინარჩუნებს ტრამპი?

როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები და დემოკრატებმა ორივე პალატა რომ აიღონ, პრეზიდენტი ტრამპი თეთრი სახლიდან არსად წავა. ამერიკელი მიმომხილველები ელიან, რომ შტატების ლიდერი მის ხელთ არსებულ ვეტოს უფლებას და აღმასრულებელ ბრძანებებს, რომლებსაც ის მუდმივად აწერს ხელს აქტიურად გამოიყენებს.

ინფორმაციისთვის, 2 წელიწადში მან იმაზე მეტი დოკუმენტი გამოსცა, ვიდრე ბარაკ ობამამ ორივე ვადის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ ტრამპს დარჩება ტარიფების დაწესების ბერკეტიც, თუმცა იმ ფონზე, რომ ეს თითოეულ ამერიკულ ოჯახს წელიწადში უკვე 920 დოლარი უჯდება, შესაძლოა პრეზიდენტმა ამ მხრივ ტაქტიკა შეარბილოს.

რაც ყველაზე მეტად აშინებთ ანალიტიკოსებს, ეს შათდაუნების ეპოქის დაბრუნებაა. თუ დემოკრატებმა ორივე პალატა ვერ აიღეს, ფაქტობრივად კანონშემოქმედება გაჩერდება და დაიწყება მუდმივი საბიუჯეტო ბრძოლები, რომლებიც ამერიკის ეკონომიკას დამატებით დააზარალებს.

ცნობისთვის, ბოლო სრულმასშტაბიანი შათდაუნი, რომელიც გასული წლის ოქტომბერში გამოცხადდა, შტატებს $14 მილიარდი დაუჯდა.

ვინ არიან პარტიების მთავარი დონორები?

როცა საქმე იმას ეხება, თუ რომელმა მულტიმილიარდერმა რა თანხა ჩადო და რომელ მხარეს გამოუცხადა ოფიციალურად მხარდაჭერა, როგორც სახელები, ისე ციფრები ბევრ რამეზე მეტყველებს.

მაგალითად, თუ 2014 წლის შუალედური არჩევნები 3.8 მილიარდი დოლარი დაჯდა, 2018-ში - $5.7 მილიარდი, 2022-ში კი $8.9 მილიარდი, წელს ხარჯებმა $14 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აქედან მხოლოდ 515-მა დონორმა ეგრეთ წოდებულ „სუპერ პაკებში“ 4.2 მილიარდი დოლარი ჩადო, რაც გარე დაფინანსების 70%-ზე მეტია.

საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის შუალედურ არჩევნებში ტოპ-50 დონორის მიერ გამოყოფილი ფულის 60-65% რესპუბლიკელებთან წავიდა, 35-40% კი დემოკრატებთან.

კონკრეტულად რომ ვთქვათ, წელს რესპუბლიკელთა მხარდამჭერი მეგადონორების სიის სათავეში ტრილიონერი ილონ მასკი მოექცა - 55 წლის ანტრეპრენიორი და SpaceX-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელი, რომელმაც ტრამპის პარტიის სასარგებლოდ რეკორდული 446 მილიონი დოლარი დახარჯა, მათ შორის 158 მილიონი მხოლოდ სექტემბერში ტეხასის სენატის ბრძოლისთვის გამოყო.

150 მილიონის გაღებით მეორე ადგილი დაიკავეს რიჩარდ და ელიზაბეტ იულაინებმა. 110 მილიონი გამოყო ჯეფ იასმაც, 67 მილიონი კი მირიამ ადელსონმა დადო.

აღსანიშნავია, რომ არანაკლებ მასშტაბურია ციფრები დემოკრატების მხარეს. მათ მთავარ დამფინანსებლებს შორის პირველია ჯორჯ სოროსი 102 მილიონი დოლარით, მაიკლ ბლუმბერგი 84.2 მილიონით და „ლინკდინის“ თანადამფუძნებელი რიდ ჰოფმანი 41.2 მილიონით.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პირადი საფულის მიღმა თანხები დაიდო კორპორაციული ხაზინებიდანაც და ამ მხრივ ხარჯებმა 737 მილიონ დოლარს მიაღწია. საინტერესო აქ ის არის, რომ წინა შუალედურ არჩევნებზე ამაზე 4-ჯერ ნაკლები ჩადეს კომპანიებმა. აღსანიშნავია, რომ მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ზურგი ტრამპს გაუმაგრა, რადგან მათთვის გაუგებარი და საეჭვოა, როგორი იქნება კრიპტოინდუსტრიისა თუ ხელოვნური ინტელექტის სექტორების ბედი დემოკრატების პირობებში.

კრიპტო კომპანიებიდან ყველაზე მეტად Coinbase-მა და Ripple-მა იაქტიურეს, რომელთაც რეგულაციების შესაჩერებლად ჯამურად 233 მილიონი გამოყვეს, ხოლო Andreesen Horowitz-ის ხელმძღვანელმა და OpenAI-ს პრეზიდენტმა გრეგ ბროკმანმა ათობით მილიონი ჩადეს, რათა ხელოვნურ ინტელექტსა და დატა-ცენტრებზე კონტროლი თავიდან აიცილონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები