მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმაზე დიდი რეცესია იქნება, ვიდრე 2008-2009 წლების გლობალური კრიზისის დროს" - EIB

5e9c4f60591a1
ელენე კვანჭილაშვილი
19.04.20 19:00
1555
ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა გადაცემა “ანალიტიკას” ავტორს ელენე კვანჭილაშვილს ესაუბრა. მსოფლიო პანდემია covid 19 - ვირუსის გამო შექმნილი პრობლემები ეკონომიკაში, EIB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება - სწორედ ეს არის ის თემები, რაზეც მაჩიე ჩურამ ისაუბრა bm.ge-სთან. გთავაზობთ ინტერვიუს:

- მოგესალმებით, ბატონო მაჩიე. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. რა ფიქრობს ევროპის საინვესტიციო ბანკი ამ ეტაპზე- როგორ აპირებთ საქართველოს დახმარებას, რადგან მზადყოფნა ამის თაობაზე ყველა დონორისგან მოდის, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა ჩემგან?

- დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის. პირველ რიგში, ალბათ უნდა ვთქვათ, რომ დღეს ძალიან რთული დრო დგას მთელი მსოფლიოსთვის. სწორად აღნიშნეთ, დონორების მხარდაჭერა საქართველოს აქვს. მინდა განსაკუთრებულად გამოვყო - გუნდი ევროპა და მისი პასუხი კოვიდ 19-ის გამოწვევაზე. გასულ კვირას, ამ გუნდმა გამოწვევებზე პასუხის გაცემა უკვე ევროპის გარეთაც დაიწყო. პარტნიორი ქვეყნები ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას მიიღებენ - მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები და მათ შორის, საქართველო.

ევროკომისიისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერა 15 მილიარდ ევროს აღწევს. ამას ემატება სხვა სახსრებიც, რომლებიც მოდის განვითარების სააგენტოებისგან, როგორიც არის მაგალითად EBRD და ა.შ. კოვიდ-19-ის მყისიერ გამოწვევებზე საპასუხოდ უკვე არის გაცემული 5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გლობალურად. ეს დახმარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააძლიერებს როგორც მთავრობებს, რომ ისინი უკეთ გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას, ისე კერძო სექტორსაც, რომ ეკონომიკა უფრო მალე გაჯანსაღდეს და ძველ რელსებზე უფრო ადვილად დაბრუნდეს.

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, ჩვენ დღეს სწორედ ამ განხილვებში ვართ - ჩვენ მზად ვართ, საქართველოს დავეხმაროთ და ვუპასუხოთ იმ საჭიროებებს, რაც ქვეყანას შეიძლება დაუდგეს მოკლე და საშუალო ვადაში. ჩვენ გვსურს, წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ არსებული პროექტები არ გაჩერდეს და ასევე, დავეხმაროთ საქართველოს ბიზნესს იმაში, რომ ეკონომიკურ ზრდაში ისევ შეიტანონ თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი და გააგრძელონ ფუნქციონირება როგორც კორონას პერიოდში ისე მას შემდეგაც.

- საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ საერთაშორისო დონორები მნიშვნელოვნად დაეხმარებიან საქართველოს საფინანსო სექტორსაც - თქვენც იქნებით ამ დახმარების ნაწილი?

- დიახ. ეს არის სწორედ ჩვენი ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების. ვაპირებთ, მალე განვაცხადოთ ახალი პროექტების შესახებ. მიმდინარე პროექტებიც შენარჩუნდება და საფინანსო სექტორი აქაც მიიღებს ჩვენს მხარდაჭერას, რადგან ჩვენ სწორედ მათი საშუალებით ვეხმარებით მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს ამ ქვეყანაში.

- ხშირად გვესმის, რომ კოვიდ-19-ის ძალა მათ შორის იმაშიც არის, რომ მას შეუძლია გლობალური ეკონომიკა ფუნდამენტურად გადააწყოს პოსტ-პანდემიურ პერიოდში. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას, პირველ რიგში და შემდეგ - როგორ შეიძლება საქართველო შეხვდეს მომზადებული ამ ცვლილებებს?

აქ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ეს სიტუაცია იცვლება მაშინაც კი, როცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ. ერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ ის არის, რომ ამ გლობალური შოკის შედეგად გლობალური ღირებულებათა ჯაჭვი და ტურიზმის სექტორი დღეს ყველაზე მეტად ზარალდება. დღეს ნებისმიერი ტიპის ეკონომიკური პროგნოზის გაკეთება გაურკვევლობის ძალიან მაღალ რისკს ატარებს. მაგრამ რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, დღეს ის არის, რომ მსოფლიო შედის რეცესიაში. ეს იმაზე დიდი რეცესია იქნება, ვიდრე ეს იყო 2008-2009 წლების გლობალური კრიზისის დროს და შემდეგ. სხვადასხვა სცენარები არსებობს, მაგრამ ეკონომიკა შემცირდება, გლობალურად.

დღეს, ჩემი აზრით, მთავარია, რომ ყურადღება გავამახვილოთ საერთაშორისო თანამშრომლობაზე - იმისთვის, რომ შევარბილოთ პანდემიის დარტყმა ეკონომიკაზე. რთულია ახლა იმის თქმა, რა მუდმივი ცვლილებები შეიძლება მოიტანოს დღეს არსებულმა სიტუაციამ მომავალში - და რა ტიპის ეკონომიკური შესაძლებლობები შეიძლება გამოჩნდეს. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ სანახავი გვაქვს და ამას აუცილებლად დასჭირდება დრო.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები