"ბოლო პერიოდია, სასტუმროების საწოლფონდი ძალიან გაიზარდა, რამაც ყოველდღიური შემოსავალი შეამცირა", - ამის შესახებ ჰოტელიერმა, მაია მურაჩაშვილმა BMG-სთან განაცხადა. მისი თქმით, სასტუმროების რაოდენობა, განსაკუთრებით, თბილისში, ბათუმში, ბაკურიანსა და გუდაურშია გაზრდილი.
"ბოლო პერიოდია, სასტუმროების საწოლფონდი ძალიან არის გაზრდილი, განსაკუთრებით, თბილისში, ბათუმში, ბაკურიანსა და გუდაურში, რამაც გამოიწვია ის, რომ საწოლფონდის გაზრდასთან ერთად, ყოველდღიური შემოსავალი შემცირდა. ამდენი მოთხოვნა არ გაჩნდა", - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.
ჰოტელიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმ გეგმას აფასებს, რომლის მიხედვით, 2027 წლამდე ქვეყანაში 320 ახალი განთავსების ობიექტი უნდა აშენდეს, რაშიც 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. მაია მურაჩაშვილი ამბობს, რომ საინვესტიციო არეალის დივერსიფიცირებაა საჭირო.
"ტურისტული კომპანიაც მაქვს და სადაც განთავსების კარგი ობიექტები გვაკლია, ახალციხეში, უკიდურესად ლამაზი ადგილებია, თუმცა ვერ ვაჩერებთ ტურისტებს, რადგან რეალურად არ არის ბევრი და კარგი განთავსების ობიექტი. რაჭაშიც არ არის განვითარებული და არც იგეგმება. როდესაც ინვესტორი ხედავს, რომ ტურისტების უმეტესობა, მაგალითად, რეგიონებიდან ქუთაისში ჩადის, ამ ადამიანს სხვა აზრი არ უჩნდება, გარდა იმისა, რომ იქ წავიდეს. ამას ძლიერი და კომპლექსური მუშაობა სჭირდება როგორც კერძო სექტორის, ისე მთავრობის მხრიდან", - აღნიშნა მან.
კითხვაზე: რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალი სასტუმროები რეგიონებში აშენდეს, მაია მურაჩაშვილმა განაცხადა:
"ჩემი აზრით, თუ ინვესტირებისთვის მიმზიდველი საშუალებები იქნება, როგორიცაა სახელმწიფო მფლობელობაში არსებული მიწის საინვესტიციოდ დაბალ ფასად გადაცემა, გარკვეული პერიოდი გადასახადებისგან გათავისუფლება და რეგიონში ინვესტორს მეტი შეღავათი ექნება, დაინტერესებაც იქნება. ამას უნდა დაემატოს ადგილის როგორც პოტენციალის გაპიარება, რეკლამირება და ფართო მასებში გასვლა".