რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დეცენტრალიზაციის პროექტის ორ წლიან გეგმას წარადგენს. როგორც მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, BMG-სთან განაცხადა, დოკუმენტში დამატებითი ფინანსური რესურსების და ქონების გადაცემის საკითხები მეტად გაიწერება.
"ამ ეტაპზე ორი წლის სამოქმედო გეგმაზე ვმუშაობთ, სადაც მეტად იქნება გაცხადებული და გამოკვეთილი სამუშაოები. დოკუმენტი, ძირითადად, მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების და ქონების გადაცემას ეხება. მოგვიანებით შესაძლებლობა გვექნება, ფართოდ წარმოგიდგინოთ განაცხადი, 2025 წლის ბოლომდე როგორ მივდივართ იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტების შემოსულობების პროცენტი არანაკლებ 7% იყოს", - განაცხადა მზია გიორგობიანმა და დასძინა, რომ დოკუმენტს, სავარაუდოდ, ორ თვეში წარადგენენ.
მინისტრის მოადგილის თქმით, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დაწყების შემდეგ, მუნიციპალიტეტებს 6000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი გადაეცათ.
"სტრატეგიის დაწყების პერიოდიდან მუნიციპალიტეტებისთვის 6 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთი იქნა გადაცემული, რომ არაფერი ვთქვათ ფინანსური გაძლიერების თვალსაზრისით გაკეთებულ საქმეებზე, არა მხოლოდ დღგ-ს განაწილების თვალსაზრისით. თითქმის გაორმაგდა გასანაწილებელი თანხის ოდენობა 2018 წელთან შედარებით", - აღნიშნა მზია გიორგობიანმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დეცენტრალიზაციის პროექტის ფარგლებში, 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა ჰქონდა შემუშავებული. მინისტრ ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით, ფისკალური დეცენტრალიზაციით მუნიციპალიტეტებმა $100 მილიონით მეტი შემოსავალი მიიღეს. მინისტრის განცხადებით, 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ინფორმაციული ნაკადების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემა დაინერგა, რომელიც 18 მოდულს მოიცავს: სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვა, ინტერაქტიური რუკა, პარკირების მართვა, დასუფთავება და ნარჩენების მართვა, ელექტრონული კანცელარია, ონლაინ განცხადებები და სხვა.