"დეცენტრალიზაციის 5-წლიანი სტრატეგიის ფარგლებში, სამინისტრო აგრძელებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებას. შედეგად, სამოქმედო გეგმით 2022 წლისთვის გათვალისწინებული ყველა აქტივობა და ინდიკატორი სრულად შესრულდა“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სამინისტროს 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ფარგლებში, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში დაინერგა ინფორმაციული ნაკადების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემა, რომელიც მოიცავს 18 მოდულს ( სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვა, ინტერაქტიული რუკა, პარკირების მართვა, დასუფთავება და ნარჩენების მართვა, ელექტრონული კანცელარია, ონლაინ განცხადებები და სხვა);
ქარსელაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტების განვითარების დაგეგმვის უზრუნველსაყოფად, დამტკიცებულია განვითარების დაგეგმვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, რომლის მიზანიც მუნიციპალიტეტების მიერ მიღებული პოლიტიკის დოკუმენტების სწორად და ჰომოგენური პრინციპით შემუშავებაა. საქართველოს პარლამენტის მიერ, მიმდინარე წელს, მიღებულია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების თაობაზე“, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ქონების განკარგვიდან მიღებული შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტებში გადასაცემი წილის გაზრდას.
ქარსელაძემ აღნიშნა, რომ გასულ და მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში გადაეცათ 1800-ზე მეტი ერთეული ქონება; შემუშავდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პროფესიული განვითარების კონცეფცია და განახლდა პროფესიული განვითარების საჭიროების ანალიზისა და პროფესიული განვითარების გეგმის შედგენის მეთოდოლოგია; დღეისათვის, სხვადასხვა მიმართულებით, გადამზადებულია ადგილობრივი თვითმმართველობის 3300-ზე მეტი საჯარო მოხელე.
"როგორც მოგეხსენებათ, ფისკალური დეცენტრალიზაციის ფარგლებში, 2019 წლიდან მიმდინარე დღგ-ს განაწილების სისტემაზე გადასვლის შედეგად, რეფორმის პირველივე წელს (2019 წელი) მუნიციპალიტეტებმა მიიღეს 100 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მზარდია, ხოლო ბოლო წლებში, მაგალითად, 2022 წელს - მუნციპალიტეტებმა მიიღეს 1.4 მილიარდ ლარზე მეტი, რაც 2018 წელთან შედარებით 603 მილიონზე მეტი ლარით და დაახლოებით 74%-ით მეტია; 2023 წლის ბოლოსათვის, მოსალოდნელია, რომ მუნიციპალიტეტებისათვის ხელმისაწვდომი იყოს დაახლოებით 1.6 მილიარდი ლარი, რაც 2018 წელთან მიმართებით, დაახლოებით, 783 მილიონი ლარით ანუ 96%-ით მეტი იქნება", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.