მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის პირველი მონაკვეთი წელს გაიხსნება... არის გამოწვევებიც“ - ქარსელაძე

6492a42e60c76
ვიქტორია მღებრიშვილი
21.06.23 23:17
2429
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის პირველი მონაკვეთი წელს დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა. ამის შესახებ მან კახეთში მაგისტრალური გზის მშენებლობის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 3 მონაკვეთზე პარალელურად მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი, გარე განათების სისტემით აღჭურვილი, ჩქაროსნული საავტომობილო გზა. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარია. 35 კმ-იანი ახალი მაგისტრალური გზა იწყება ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით და დასრულდება თოხლიაურის კვანძთან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გარკვეული გამოწვევები მაგისტრალის მშენებლობისას არის, რაზეც კონტრაქტორ კომპანიასთან მუშაობა მიმდინარეობს.

„აქტიურად მიმდინარეობს კახეთის მაგისტრალის მშენებლობა. მოვინახულეთ მონაკვეთები, რომლებიც მნიშვნელოვნად დაწინაურებულია, არის გამოწვევებიც და მათ დასაძლევად ვმუშაობთ კონტრაქტორ კომპანიებთან. პირველი მონაკვეთი წელს დასრულდება და შევა ექსპლუატაციაში, ხოლო დანარჩენი მონაკვეთები მომდევნო წელს. ძალიან მნიშვნელოვანია პირველი 35 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც უკიდურესად გადატვირთულია გაზრდილი ტურისტული ნაკადების პირობებში და სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული პროექტის წარმატებული დასრულება. ასევე, სამობილიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს და კონკრეტული სამუშაოებიც ნაწილობრივ დაწყებულია საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთზე. ამჟამად, მთლიანობაში, 828 მილიონი ლარის პროექტები ხორციელდება, რომელთა დასრულებაც წელს და გაისად ეტაპობრივად იგეგმება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ცნობისთვის, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. ამჟამად მოქმედი გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო.

ახალი ჩქაროსნული გზის მშენებლობა მოიცავს ვაზიანის შემოვლითი გზის, ვაზიანი-საგარეჯოს დამაკავშირებელი და საგარეჯოს შემოვლითი გზის მშენებლობას.

კახეთისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია გაზრდილი სატრანსპორტო მიმოსვლის პირობებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები