მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“იმდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ, რომ ყველა თეთრს ვითვლით”- რესტორატორი

ქეთი ბაქრაძე

რესტორნებმა მენიუში ფასი დღგ-ის და მომსახურების ხარჯის ჩათვლით უნდა მიუთითონ, - ამის შესახებ ინფორმაცია დღეს კონკურენციის და მომხმარებლების დაცვის სააგენტომ გაავრცელა. როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია - მკაფიო და გასაგები ფორმით, კვების მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, მომსახურების გადასახადი.

"შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება",- ამბობს რესტორატორი ქეთი ბაქრაძე. მისი თქმით, აქამდე დღგ-ს პროდუქტის ფასში ასახვა რესტორნის არჩევანი იყო და თუ ამას ობიექტი არ აკეთებდა, მენიუში პუნქტი მკაფიოდ იყო მითითებული, რომ ფასი არ მოიცავდა დამატებული ღირებულების გადასახადს.

“ეს დამოკიდებული იყო რესტორატორის პატრონის ნებაზე, როგორ ერჩივნა ფასის დაწერა მენიუში. პრაქტიკულად არსად არ არის რომ მომხმარებლის მოტყუება ხდება, რადგან ყველა მენიუში გარკვევით ინგლისურადაც და ქართულადაც მითითებულია, რომ ეს ფასები არ მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს, ან პირიქით ეს ფასები მოიცავს დღგ-ს,”- ამბობს რესტორატორი ქეთი ბაქრაძე.

რესტორატორი გვიხსნის, რომ პირველ ეტაპზე ისედაც გაზრდილი ფასებისა და შემცირებული მსყიდველუნარიანობის ფონზე მენიუებში არსებული ფასების დაკორექტირება მომხმარებელს მაინც შეაშინებს.

“იმდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ რომ ყველა თეთრს ვითვლით, კალკულაციაში ვუყურებთ. ასეა მომხმარებელიც, ვეღარ დადის იმ სიხშირით რესტორნებში როგორც დადიოდა, იმიტომ რომ ხელფასი იგივე დარჩა და ფასები გაიზარდა. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო შეაშინებს მომხმარებელს,” - აცხადებს ქეთი ბაქრაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები