მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„იმდენი საწვავი უნდა ვიყიდოთ, რამდენიც გვჭირდება“ – Wissol-ის შესყიდვების ფორმულა და რეკომენდაცია

ვასილ ხორავა

„ვისოლის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ დღეს საწვავის ბაზარზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, იმდენი საწვავი უნდა შეისყიდონ, რამდენიც დღესაა საჭირო. „საქმიან დილაში“ საწვავის გაძვირებაზე საუბრისას ვასილ ხორავა ამბობს, რომ შესყიდვების ეს ფორმულა მოქმედებს როგორც კომპანიების, ისე მომხმარებლის შემთხვევაში.

„როგორც ჩვენი მომხმარებელი აქცევს ყურადღებას და საწვავის კარგ ფასად ყიდვა უნდა, ჩვენც ასეთივე მსხვილი შემსყიდველი ვართ ჩვენი მომწოდებლისთვის და არ გვინდა მაღალფასიან სტოკებში“ ვიყოთ, როცა იმის მოლოდინი გვაქვს, რომ ეს სპეკულაციური ფასია, დიდხანს ვერ გაჩერდება და უკან წამოვა. ჩვენი გამოცდილებით და ფინანსური საშუალებებით ყველანაირად ვცდილობთ, რომ პროცესები სწორად ვმართოთ, მაგრამ გათვლა ძალიან ძნელია. დღეს, შენ რომ ისეთივე მარაგები იყიდო, როგორსაც წინა პერიოდებში ყიდულობდი, ფასების შემცირების შემთხვევაში, ძვირიანი ნაშთების შენარჩუნება მოგიწევს. ასეთი შემთვევები ბაზარზე ყოფილა. ამიტომ ძალიან დიდი დაკვირვებაა საჭირო. ჩვენმა მომხმარებელმაც, ალბათ, ძალიან ძვირიან ფასში დიდი მარაგები არ უნდა გააკეთოს. უნდა ვიყიდოთ იმდენი, რამდენიც გვჭირდება დღეს, ანუ არანაირი მარაგი... - ეს არის დღევანდელი ფორმულა. მაგალითისთვის გეტყვით, ლარს აქვს რაღაც ტურბულენცია, კონკრეტული ზეწოლა. თუ მეტ ვალუტას შეისყიდი, იმ ზეწოლაზე კიდევ ზეწოლას გააკეთებ და შენ დეპოზიტს კიდევ დოლარში გადაიტან, მიუხედავად იმისა, რომ არ გჭირდება, მაშინ ის ლარი კიდევ უფრო გაფუჭდება ხო? ასევეა საწვავზეც - თუ ჩვენ ვხედავთ, რომ საწვავი ისედაც ცოტა აქვს კომპანიებს, ფაქტობრივად, ნაშთების სახით და კიდევ შენ ზენორმირებულ შესყიდვებს გააკეთებ, მაშინ ახალ პროდუქტზე უფრო ჩქარა გადამიყვან, რომელიც კიდევ უფრო ძვირი იქნება“, - განმარტა ვასილ ხორავამ.

„საქმიანი დილის“ წამყვანების კითხვაზე - იქონიებს თუ არა რუსეთის მიერ ბენზინზე დაწესებული ემბარგო საქართველოში საწვავის ბაზარზე, „ვისოლის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ისინი ბენზინს ძირითადად ევროპიდან ყიდულობენ და მათზე ეს აკრძალვა არ იმოქმედებს.

ჩვენთვის ფასის ცვლილებაზე გავლენა აქვს პლაცს, რომელიც მზარდია და არა იმას, რომ გუშინ რუსული პროდუქტი შემოგვქონდა და დღეს ვერ შემოვიტანთ. ეს ასახვას პოვებს იმ კომპანიებში, რომლებსაც რუსეთიდან ამ ტიპის პროდუქტი შემოჰქონდათ“, - განაცხადა ხორავამ.

„ვისოლის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, მსოფლიოში ნავთობის ბაზარზე ფასების კუთხით ანტირეკორდების დამყარება გრძელდება, რაც საქართველოს საწვავზეც გავლენას ახდენს. ვასილ ხორავა აპრილიდან საწვავის უფრო მეტად გაძვირებას პროგნოზირებს და ამბობს, რომ დღემდე კომპანიებმა ფასები ეტაპობრივად გაზარდეს, რადგან მათ 2-კვირიანი მარაგები ჰქონდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები