„ვისოლის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, მსოფლიოში ნავთობისბაზარზე ფასების კუთხით ანტირეკორდების დამყარება გრძელდება, რაც საქართველოს საწვავზეც გავლენას ახდენს. ვასილ ხორავა აპრილიდან საწვავის უფრო მეტად გაძვირებას პროგნოზირებს და ამბობს, რომ დღემდე კომპანიებმა ფასები ეტაპობრივად გაზარდეს, რადგან მათ 2-კვირიანი მარაგები ჰქონდათ.
საქართველოში მარტის განმავლობაში საწვავი 15-დან 59 თეთრამდე გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი?
საწვავის გაძვირების ტენდენციებსა და მოლოდინებზე ვასილ ხორავამ BMGtv-ის „საქმიან დილაში“ ისაუბრა. ნავთობიმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიის ხელმძღვანელმა განმარტა როგორ იცვლება საწვავის ფასი ქსელებში და რა ფაქტორები მოქმედებს კორექტირებაზე.
„ნავთობის ფასებში ანტირეკორდები გრძელდება. სამწუხაროდ, ტრენდი ისევ აღმავალია და ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ამ მოცემულობიდან გამომდინარე მძიმე და რთული პროგნოზებია. პირდაპირ გეტყვით, ერთ მეტრულ ტონა დიზელის შესასყიდი ფასი 700 დოლარი იყო და ახლა 1 404 დოლარი ღირს. ბენზინის ფასიც საკმაოდ მომატებულია, თუმცა დიზელი ყველაზე მეტად.
ამავე დროს, ნავთობპროდუქტების სავაჭრო ურთიერთობებში მიღებულია, რომ თვის შეწონილ ფასს ვიღებთ. მარტის თვის შეწონილი ფასი დიზელზე რომ ავიღოთ, არის 1200 დოლარია, როცა ომის დაწყებამდე, პირველი მარტისთვის პირველადი ნიშნული 700 დოლარი იყო. შესაბამისად, საქართველოში დიზელის ფასი დაახლოებით 50 თეთრის ფარგლებში, ბენზინზე 30 თეთრის ფარგლებში გაიზარდა. თუ ავიღებთ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასთაცვლილებებს ჩვენს რეალობაში გადმოვიტანთ, შეგვიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში ბაზარი ძველი ნაშთებით სარგებლობს, რომელიც გადმოყოლილია თებერვლის თვიდან და პირდაპირი კორელაცია ფასში, ამ საერთაშორისო ფასებს ჯერ დღეს არ განუცდია.
სამომავლოდ, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ ნავთობიმპორტიორს პლატცზე შესყიდული მარტის გაზრდილი საშუალო ფასი დაუფიქსირდება, ეს აპრილის თვის [საწვავის ფასების] გაცილებით მძიმე ნიშნულით დაწყებას გამოიწვევს, ვიდრე დღეს გვაქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ ის რაც მომწოდებელი ქვეყნებიდან და მომწოდებელი ქარხნებიდან ფასის ზრდის კუთხით მოხდა, ჩვენთან ერთ-ერთში ჯერ არ ასახულა. ეს არის ბენზინის შემთხვევაში ნახევარი და დიზელის შემთხვევაში მესამედი, რაც დღეს ბაზარზე ფაქტობრივად ცვლილება განხორციელდა“, - განმარტა ვასილ ხორავამ.
„ვისოლის“ გენერალური დირექტორის თქმით, რომ არა ნავთობიმპორტიორი კომპანიების არსებული ნაშთები და ამის ხარჯზე საწვავის ფასის ეტაპობრივი გაძვირება, დღეისთვის დიზელი 1 ლარზე მეტით იქნებოდა გაძვირებული. ის ასევე აღნიშნავს, რომ მარტში მსოფლიო ნავთობის ბირჟებზე დაფიქსირებული ერთჯერადი მცირე შემცირება იმ მასშტაბის არ ყოფილა, რომ ამას ნავთობის და შემდეგ საწვავის ფასზე გავლენა მოეხდინა.
„მსოფლიოში ნავთობის გაძვირების სიმწვავე უფრო მეტად იმ ქვეყნებმა იგრძნეს, სადაც საწვავის ფასები 30 ცენტზე მეტად არის მომატებული. თუ ლარიან ზრდას ავიღებთ და ევროში დავაკონვერტირებთ სწორედ 30 ევროცენტის ფარგლებში გამოდის. მათ შორის ევროპის ქვეყნებში საწვავის ფასმა უფრო სწრაფად და უფრო მალე მოიმატა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ნავთობიმპორტიორებს ორი-სამი კვირის განმავლობაში ფასების შენარჩუნების რესურსი ჰქონდათ, გაძვირება მხოლოდ ეტაპობრივი ზრდით აისახა. თუმცა არის წითელი ხაზები, რომლის იქითაც უკვე ნაშთებს წურავ და ფასის ახალ ნიშნულებზე გადადიხარ, სადაც გინდა არ გინდა ბაზრის ახალ მოცემულობაზე მორგება გიწევს.
ბაზარზე ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც პიკური ფასი მალევე ჩამოიშლება ხოლმე. ამ შემთხვევაში მხოლოდ ზრდის ტრენდი გვაქვს. ის მცირედი უკუსვლა, რაც [მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასის კუთხით] იყო, იმ გავლენის არ ყოფილა, რომ საშუალო ფასი შემცირებულიყო. ჩვენ ვხედავდით ხოლმე, რომ 2-3 კვირაში ნავთობთან დაკავშირებული განცხადებების შემდეგ, ფასი თავის საწყის ნიშნულს უბრუნდებოდა, მაგრამ ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ პირველი მარტიდან, კიდევ ერთხელ ვიძახი, ანტირეკორდების სერია გრძელდება. ასე, რომ იმის პროგნოზირება როდის შემცირდება ფასები, ჯერჯერობით ძნელია“, - განმარტა ვასილ ხორავა.




























