იმდენი უსამართლობა ხდება მსოფლიოში, რომ გამორიცხული არაფერია - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის საქმეზე ლონდონის სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებულ მოლოდინებს თბილისის მერმა და ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ეხმიანება.
კალაძის თქმით, ივანიშვილი სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებულ სასამართლო პროცესებს „წარმატებით ასრულებდა“, თუმცა ფინანსური სახსრები არ დაბრუნებულა რაც, მისი შეფასებით, „პოლიტიკურ ნაბიჯად“ უნდა ჩაითვალოს.
„ჩვენ ვიცით ბიძინა ივანიშვილის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ. მისი შანტაჟი მიმდინარეობდა. ეს არც დაგვიმალავს და ამაზე ღიად ვისაუბრეთ. მან სხვადასხვა ქვეყანაში სასამართლო პროცესი წარმატებით დაასრულა, თუმცა, მისთვის თანხა არ დაუბრუნებიათ. ცხადია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან ყველა ინსტაციაში გამართლდა. შემთხვევითი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ. ისიც ვიცით, აქედან გამომდინარე, მან რა პოზიცია დაიკავა და რა გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და ახლაც გავიმეორებ, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ინტერესები. პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებსა და სუვერენიტეტის დაცვას ითვალისწინებს.
დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. იმდენი უსამართლობა ხდება მსოფლიოში, რომ გამორიცხული არაფერია. როდესაც შენ კონკრეტულ ადამიანს სანქციას უწესებ, ეს განმარტებული და კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებული უნდა იყოს. ეს არის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ძირითადად სიძულვილით, მუქარით, შანტაჟით იყო დაკავებული. გამოვიდნენ და დაასანქცირეს ბიძინა ივანიშვილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მაშინ ჩვენ მტკიცედ დავდექით, ქვეყნის ინტერესები დავიცავით. არ მივეცით მათ იმის უფლება, რომ ქვეყანა ომში ჩეთრიათ, მეორე ფრონტი გაეხსნათ, ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა და სწორედ ამიტომ მიიღეს მაშინ ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა კახა კალაძემ ნაძალადევში, სადაც ახლადრებილიტირებული სკვერი დაათვალიერა.
შეგახსენებთ, ლონდონის ბოლო ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილება 24 ნოემბერს უნდა გამოცხადდეს.
დავა Credit Suisse-სთან ბერმუდის კუნძულებზე - ისტორია:
სასამართლო დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხება. სასამართლო მასალებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს 2011 და 2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო.
2015 წელს კი, ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი დოლარი გაქრა, რაც Credit Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა. 2017 წელს ივანიშვილის იურისტებმა სარჩელი ბერმუდის კუნძულების სასამართლოში შეიტანეს.
პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.
Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს პოზიცია არ გაიზიარა ბერმუდის სასამართლომ, რომელმაც ბანკს მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
2023 წლის მარტში Credit Suisse-ი UBS-მა შეიძინა, შესაბამისად, ივანიშვილთან დავებს ამჟამად UBS ჯგუფი აწარმოებს.




























