მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედი გვაქვს, Aqualia-ს წარმატებული მაგალითი საქართველოში ევროპული ინვესტიციების შემდგომი ზრდისთვის სტიმული იქნება - დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმედოვნებს, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ინვესტორი კომპანიის Aqualia-ს მიერ ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტირების წარმატებული მაგალითი, საქართველოში ევროპული ინვესტიციების შემდგომი ზრდისთვის დამატებითი სტიმული იქნება. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა FCC Aqulia-ს ახალი აღმასრულებელ დირექტორ სანტიაგო ლაფუენტესთან, რეგიონალურ დირექტორ ხოსე ენრიკე ბოფილისთან და ასევე GWP - ის გენერალურ დირექტორ ხოსე მიგელ სანტოსთან შეხვედრისას განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ შეხვედრის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე საუბარი საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებზე, მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს შეეხო. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. „ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია. ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს ევროკავშირის ქვეყნებიდან. ისინი ხელს უწყობენ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, შემოაქვს ახალი ტექნოლოგიები და ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს. ესპანურ კომპანიას FCC Aqualia - ს აქვს დიდი მისია, გარდაქმნას „ჯორჯიან უოთერ და ფაუერსი“ თანამედროვე ევროპული სტანდარტების კომპანიად, რომლის გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია საქართველოს დედაქალაქის, ასევე რუსთავისა და მცხეთის უწყვეტი, უსაფრთხო და უვნებელი წყალმომარაგება. იმედი გვაქვს, რომ Aqualia - ს წარმატებული მაგალითი დამატებითი სტიმული იქნება საქართველოს ბაზარზე ევროპული ინვესტიციების შემდგომი ზრდისთვის,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე საქართველოში. აღინიშნა, რომ ესპანური კომპანია FCC Aqualia საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორია, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 80%-იანი წილი შეიძინა. ასევე ხაზი გაესვა ქვეყნისთვის წყალმომარაგების სფეროში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციის მნიშვნელობას და სამომავლო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. ითქვა, რომ Aqualia-სთვის თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გაუმჯობესება პრიორიტეტულია, კომპანიის აქციონერები კი მზად არიან მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე საქმიანობასა და კომპანიის პროგრესის მონიტორინგში, რადგან მათთვის GWP - ის მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ “საქართველოს კაპიტალის” თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, გენერალური დირექტორის მოადგილეები ავთო ნამიჩეიშვილი და გიორგი ალფაიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები