დღეს ცნობილი გახდა,რომ საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა აღნიშნული გადაწყვეტილება ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებშია მიღებული. მთავრობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ქვეყანაში ჩინელი ტურისტების რაოდენობის ზრდას ელოდება.
ჰოტელიერი შალვა ალავერდაშვილი მთავრობის მიერ ჩინეთისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ თუ ჩინელი ტურისტების ნაკადები შემოსვლას დაიწყებს ეს არა სეზონზე საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას შვებას მისცემს.
მისი თქმით, ამ ქვეყანას ყველა ტიპის ტურისტი ჰყავს, მათ შორის მაღალმხარჯველუნარიანი, თუმცა მისი თქმით, დღეს საქართველოს ამ ბაზრიდან ყველა ტიპის ტურისტი სჭირდება.
“გადაწყვეტილება ძალიან კარგია. 2 თვის შემდეგ არასეზონურ პერიოდში შევდივართ. თავიდან დიდი ნაკადები არ წამოვა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ რაღაც ნაკადები წამოვა ჩინეთიდან. ევროპასაც ძალიან დააკლდა ჩინელი ტურისტები. ჩინელი ტურისტები ითვლებიან ერთ-ერთ მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებად, იმედი გვაქვს, რომ ჩვენთანაც ასეთი სეგმენტი წამოვა და არამხოლოდ. იმხელაა ჩინეთი, რომ სულ რომ ერთი პროვინციაც ჩამოვიდეს ჩვენთან უკვე კარგია. ეს ნაკადი არასეზონური პერიოდს შეგვივსებს,”-ამბობს ჰოტელიერი შალვა ალავერდაშვილი.
ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ნაწილი საუბრობს რისკებზე, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილებას შეიძლება მოჰყვეს. მათ შორის ბიზნესის ნაწილი აცხადებს, რომ არსებობს რისკი იმისა, რომ ჩინელი ტურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ და დარჩნენ. ამ რისკს შალვა ალავერდაშვილი ვერ ხედავს.
“არ მგონია მნიშვნელოვანი რისკების შემცველი იყოს ეს გადაწყვეტილება. ჩვენ რეალურად იმედი გვაქვს, რომ დიდ რისკებს ეს არ მოგვიტანს. ჩინეთის კულტურა განსხვავებულია და ყველა ქვეყანაში თავისი ნიშა აქვთ. არ მგონია ჩვენთან რაიმე დიდი გარდატეხა მოხდეს. 2007 წელი იყო ჩვენთან როცა ჩინელების შემოსვლა დაიწყო და არაფერი არ მომხდარა, მერე გავიდნენ ქვეყნიდან. დიდად მასიურად გადმოსახლებები და დარჩენა არ მომხდარა. იმედი მაქვს ეს მთლიანად მიეხმარება ჩვენი ტურისტული პოტენციალის ათვისებას და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, რომ ექსპორტზე გავიდეს.”-ამბობს ალავერდაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში ქვეყანაში ჩინეთის 12,600 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 316%-ით მეტია. წლების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ჩინელი ვიზიტორი 2019 წელს სტუმრობდა, მაშინ ვიზიტორთა რაოდენობა 48 ათასს შეადგენდა. პანდემიის შემდეგ კი ჩინელი მოგზაურების რაოდენობა შემცირდა.