საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებელს მალე დაუბრუნდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრს მოლოდინი აქვს, რომ 2023 წელი ტურიზმის კუთხით პოზიტიურად დაიხურება, რაც 2024 წლისთვის კარგი წინაპირობა იქნება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ შემოსავლების კუთხით პოზიტიური დინამიკაა და მათ შორის ვიზიტორთა რაოდენობის კუთხითაც აღდგენა გრძელდება, თუმცა 2019 წელთან შედარებით ტურისტების რიცხვი ჯერ კიდევ ნაკლებია და ამის გასაგები მიზეზებიც არსებობს. ტრადიციული ბაზრები რთულად ხელმისაწვდომია დღევანდელ რეალობაში. ეს პოტენციალი ჩვენ პოზიტიურ ფაქტორად უნდა ჩავთვალოთ შემდეგი წლების ზრდის უზრუნველსაყოფად.
იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში რაოდენობრივ მაჩვენებელსაც აღვადგენთ, თუმცა ბევრი მუშაობა სჭირდება იგივე ტურიზმის ადმინისტრაციის და კერძო სექტორის ერთობლივად. ამაზე მუშაობა მიდის და მომავალი წელი ბიუჯეტირების კუთხით ჩვენ ამბიციურად დავგეგმეთ, თუმცა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც 2023 წელს გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეკორდული მონაცემი გვაქვს... 3.3 მლრდ დოლარი იყო შემოსავალი. მესამე კვარტალიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თითქმის 1.5 მლრდ შემოსავალი. ჯამში ჩვენ გასულ წელთან შედარებით 29%-იანი ზრდა გვაქვს. ვფიქრობთ, 2023 წელი ტურიზმის კუთხით პოზიტიურად დაიხურება და კარგი პირობები გვექნება 2024 წლისთვის. გვესმის, რომ გარკვეულ სეგმენტებში ჩვენ გვქონდა შემცირება, თანაბრად ტურისტული ნაკადები არ ნაწილდებოდა, მაგრამ ზუსტად ეს არის გამოცდილება, სადაც მეტი სამუშაოები გვაქვს ტურისტულ სექტორთან ერთად“, - განაცხადა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილმა დასძინა, რომ ტურიზმის განვითარებისთვის ზამთრის ტურიზმის სეზონის განვითარება მნიშვნელოვანია. „2023 წლის ზამთრის სეზონს ორგანიზებულად უნდა შევხვდეთ, რადგან მაღალშემოსავლიანი ზუსტად ზამთრის კურორტებია“, - ამბობს მინისტრი.