მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედი გვქონდა, კონტრციკლური ბუფერის განაკვეთი არ გაიზრდებოდა - ალექსანდრე ძნელაძე

6412e3d454038
გიორგი არონია
16.03.23 20:00
858

“იმედი გვქონდა, რომ დღეს, კონტრციკლური ბუფერი არ ამოქმედდებოდა”, - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ Bm.ge- სთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კომერციული ბანკებისთვის კაპიტალზე დაწესებული დამატებითი მოთხოვნა მათ ზრდას შეანელებს და შესაბამისად, სესხების საპროცენტო განაკვეთზეც აისახება

“კონტრციკლური ბუფერის კიდევ ერთი პროცენტით გაზრდა, რაც მოზიდული სახსრებისა და საკრედიტო პორტფელის მიმართ არის მოთხოვნილი, კიდევ ერთხელ აწვება კაპიტალს, ანუ კომერციულ ბანკებს დამატებითი კაპიტალის მოზიდვის ვალდებულებას უქმნის. ამ თემაზე გარკვეული მსჯელობა გვქონდა ეროვნულ ბანკთან და იმედი გვქონდა, რომ დღეს, კონტრციკლური ბუფერი არ ამოქმედდებოდა”, - აღნიშნავს ალეკო ძნელაძე.

შეგახსენებთ, რომ 15 მარტს, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერის საბაზისო განაკვეთის 1%-ზე დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. თუკი ნორმალურ დროს კონტრციკლური ბუფერი ნულის ტოლი იყო და ჭარბი დაკრედიტების შემთხვევაში იზრდებოდა, ამიერიდან ბუფერის განაკვეთი ნორმალურ პირობებში 1 პროცენტი იქნება.

კონტრციკლური ბუფერი ჭარბი დაკრედიტების პერიოდში გაიზრდება, ხოლო სტრესულ პერიოდში შემცირდება. მარეგულირებლის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება თანხვედრაშია ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციებთან. კონტრციკლური ბუფერის გაზრდასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა და მის შესავსებად, ბანკებს თორმეტი თვე აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები