აშშ-ში საქართველოს ახლად დანიშნული ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ნამდვილად ექნება შანსი, რომ აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება და აღდგენა. ამის შესახებ თამარ ტალიაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„საქართველო მზად არის იმისთვის, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, დეტალური გზამკვლევი შედგეს იმისა, თუ როგორ აღვადგენთ ჩვენ ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებს და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ საქართველოს ნამდვილად ექნება იმის შანსი, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, აღდგეს და ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გახდეს უფრო მასშტაბური.
ჩვენ ვხედავთ, რომ ინერციით, როგორც აშშ-ში, ისე სხვა ერთ ქვეყანაში მიმდინარეობს გარკვეული პროცესები და გარკვეული მცდარი ხედვები საქართველოს ამა თუ იმ ნაბიჯთან დაკავშირებით, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთიანი პროცესი და, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ გარკვეული დრო დასჭირდეს წარმატების მიღწევას. ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი, რადგან ჩვენ ვხედავდით, რომ, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოსთან მიმართებით იყო ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბების დიდი სურვილი და ახლა ახალი სივრცის შექმნა, ახალი ურთიერთობებისთვის, დაკავშირებული იქნება ძალისხმევასთან როგორც შეერთებული შტატების, ისე საქართველოს მხრიდან“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობა ორმხრივად სასარგებლო უნდა იყოს: „საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობა და მომავალი გეგმები დაკავშირებულია, ერთი მხრივ, საქართველოს, ხოლო მეორე მხრივ, აშშ-ის მხრიდან საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების გაძლიერებასთან. ეს ურთიერთობა უნდა იყოს ორმხრივად სასარგებლო. ელჩისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მან სრულად გამოხატოს და დაიცვას ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოს ინტერესები და არ არის არაფერი იმაზე უკეთესი, როდესაც შესაძლებელი ხდება, რომ ამ პროცესში ახალი ინიციატივები, თანამშრომლობის გაძლიერება, ურთიერთობების გაღრმავება მოჰყვეს იმ ინიციატივებს, რომლებიც მყარად არის დაფუძნებული ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე“.




























