"ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ამას მიბაძავენ სხვა კომპანიებიც", - ასე გამოეხმაურა "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კვერცხის მწარმოებელი რამდენიმე კომპანიის მიერ პროდუქტის 5%-ით გაიაფების გადაწყვეტილებას.
"ჩვენ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც და რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე", - თქვა მან.
კობახიძის თქმით, ყველამ უნდა იმოქმედოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ფასების კლების მიმართულებით.
"უნდა შევუმსუბუქოთ ჩვენს მოსახლეობას ეს სოციალური ტვირთი, რაც ამ ფასებში არის გამოხატული. ვფიქრობ, ამის რესურსი არსებობს. პარლამენტიც ჩაერთვება, შექმნილია შესაბამისი საპარლამენტო კომისია, მომდევნო კვირიდან უკვე კომისიის ფორმატში გაიმართება შეხვედრები შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან და საზოგადოება უშუალოდ მიიღებს ინფორმაციას, ამ ღია შეხვედრების საფუძველზე, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ვითარებაა შექმნილი, როგორ წარმოიქმნება ფასები და რამდენად არსებობს ფასების შემცირების რესურსი. ამ ყველაფრის საფუძველზე, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ვიზრუნოთ ფასების დაბლა დაწევაზე", - განაცხადა მან.
6 თებერვალს კვერცხის მწარმოებელმა კომპანიებმა - „სავანეთი“, „დილა“, „კოდა“ და „კუმისი“ - ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ პროდუქტის გაიაფებაზე პრემიერის ინიციატივის საპასუხოდ, მათი წარმოების კვერცხი 5%-ით გაიაფდება.
მანამდე, წლის დასაწყისში, კვერცხის მწარმოებლები bm.ge-სთან ამ პროდუქტის, საშუალოდ, 2 თეთრით გაძვირებაზე საუბრობდნენ.



























