რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ყოფილი სპეციალური მრჩეველი, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების სხვა ქალაქში გადატანის საკითხი ცალმხრივად ვერ გადაწყდება. ასე უპასუხა აბაშიძემ კითხვას, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვს ჟენევის დისკუსიების სხვა ლოკაციაზე, სავარაუდოდ, მინსკში ან ბაქოში გადატანა სურს.
ის იმედოვნებს, რომ ჟენევის ფორმატი აუცილებლად გაგრძელდება.
“ეს ცალმხრივად ვერ გადაწყდება. შეგახსენებთ, რომ ჟენევის ფორმატი შეიქმნა 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად. ეს არის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მოგვარების ფორმატი, საერთაშორისო ჩართულობით. იმედი მაქვს, ჟენევის ფორმატი აუცილებლად გაგრძელდება”, - განაცხადა აბაშიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, როგორც აბაშიძემ ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატთან დაკავშირებით აღნიშნა, დღის წესრიგი სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ჰუმანიტარულ თემებზე იყო ორიენტირებული, თუმცა საკუთარი ინიციატივით, პრაღაში შეხვედრისას, დევნილების საკითხს ყოველთვის აყენებდა.
„ზოგადად, ოკუპირებული ტერიტორიები, უსაფრთხოების საკითხები ჟენევის ფორმატის პრეროგატივაა, მაგრამ იმის გამო, რომ მოლოდინიც იყო, რომ პრაღის ფორმატში დევნილებზეც იქნება საუბარი, ჩემი ინიციატივით, ამ საკითხებს იქ ყოველთვის ვწევდი ხოლმე და ვცდილობდი, ყურადღების ცენტრში ყოფილიყო. ალბათ, თუკი ეს კომუნიკაცია გაგრძელდება, მომავალშიც ასე იქნება, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ხდებოდა, ეს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იქნება შეთანხმებული“,- განმარტა აბაშიძემ.