უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება როგორც ტურისტებისთვის, ისე ჩვენი მოქალაქეებისთვის – მსუბუქდება ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მათ შორის კომენდანტის 23:00 საათამდე გადაწევის გადაწყვეტილება მიიღეს. საბჭომ შაბათ–კვირას რესტორნების ღია სივრცეების მუშაობაც დაუშვა.
მინისტრის თქმით, ასევე იხსნება შეზღუდვები, რომლებიც სასტუმროებში, შიდა რესტორნების ფუნქციონირებას ეხება.
„რაც შეეხება კაფეების და რესტორნების ფუნქციონირებას შაბათ-კვირას, ეს სერიოზული პრობლემაა. უკვე წამოვიდა ტურისტების ნაკადი ქვეყანაში...ჯერჯერობით გარე სივრცეში იქნება დაშვებული მოქალაქეების მიღება, თუმცა იმედი მაქვს, რომ 1 ივნისიდან მეტ შემსუბუქებას გავაკეთებთ, უფრო თამამ ნაბიჯს გადავდგამთ და მთლიანად მოვხსნით ამ შეზღუდვას.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავაძლიეროთ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია, რომელიც უკვე სახეზეა. უკვე ვხედავთ ქუჩებში, სხვადასხვა ქვეყნების ტურისტებს“, - განაცხადა თურნავამ.




























