„კამექს ეარლაინსის“ საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი, გიორგი სეთურიძე იმედს გამოთქვამს, რომ 2024 წელი ავიაციაში უფრო წარმატებული იქმნება. ამის შესახებ მან Bm.ge-სთან მიმდინარე წელის შეფასებისას განაცხადა.
გიორგი სეთურიძის თქმით, სატვირთო ავიაგადაზიდვებში მსოფლიოში განვითარებული მოვლენები უარყოფითად აისახა. სამგზავრო კუთხით კი მან 2023 წელი წარმატებულად ჩათვალა.
„სატვირთო ავიაგადაზიდვების მიმართულებით, მსოფლიოს მასშტაბით, რთული სიტუაცია ჯერ კიდევ ნარჩუნდება და ამის ერთ-ერთი მიზეზები უკრაინა-რუსეთ ომია. თუმცა არის ნიშნები, რომ აქ სტაბილიზაცია მოხდება. თუმცა, 2023 წელი ავიაციაში სამგზავრო კუთხით საკმაოდ წარმატებული იყო, რადგან „კოვიდის“ შედეგების აღდგენა სწრაფად მოხდა“, - განაცხადა მან.
გიორგი სეთურიძემ „კამექს ეარლაინსის“ წლის მთავარ მიღწევად ევროპაში კომერციული ფრენების უფლების მოპოვება დაასახელა და მისი თქმით, 2024 წლის გეგმებიც ძირითადად ამ ფაქტს დაუკავშირდება.
„იმედი გვაქვს ავიაგადაზიდვებში 2024 წელი უფრო სტაბილური იქნება და ქართული კომპანიები, რომლებიც ავიაგადაზიდვებში მრავლად ვართ წარმოდგენილი, წარმატებულები იქნებიან.
როგორც იცით, „კამექს ეარლაინსის“ მიერ სლოვენიაში დაფუძნებულმა ავიაკომპანია - CAMEX ADRIA Airline-მა კომერციული ფრენების ნებართვა მოიპოვა. ამ სლოვენიურ სატვირთო ბორტს უფლება აქვს ევროკავშირში შიდა და საერთაშორისო კომერციული ფრენები განახორციელოს. ქართული სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში ეს პირველი პრეტენდენტია, როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ქართული ინვესტიციით და მენეჯმენტით შექმნილი ავიაკომპანია წარმატებით ასრულებს სერტიფიკაციის პროცესს და ევროკავშირის საავიაციო ბაზრის სრულუფლებიანი მოთამაშე ხდება. ამით დავადასტურეთ, რომ ქართულ ბიზნესს შეუძლია დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაც ერთ-ერთ ყველაზე რეგულირებად და რთულ ბიზნესს აქვს ევროკავშირში.
2024 წელს ჩვენი ძირითადი გეგმაა, არსებული სამი ბორტი სრულად ჩაერთოს და დაიტვირთოს მაქსიმალურად და ამის შემდეგ განვსაზღვრავთ, რა კუთხით წავალთ და რა ტიპის, რამდენ თვითმფრინავს დავიმატებთ“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილი ტვირთის მოცულობა 83.9%-ით, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 83.5%-ით არის შემცირებული.