ჯანდაცვის მინისტრი, მხოლოდ პროტესტის ფონზეა ლმობიერი - „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებლის, გვანცა აფხაიძის ინფორმაციით, გუშინ გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრი ონკოპაციენტების მიმართ აგრესიულ ქცევას იჩენდა.
BM.GE-სთან აფხაიძე ჰყვება, რომ შეხვედრა ირაკლი კობახიძის დავალებით შედგა, თუმცა მინისტრის ტონი თავიდანვე აგრესიული იყო.
"მინისტრის მოადგილე გვატყუებს და მინისტრი გვიყვირის. არ მესმის, რა დამოკიდებულებაა ონკოპაციენტების მიმართ, რომლებსაც ისედაც წამალი არ გვაქვს.
პირველი შეხვედრისას, მომეჩვენა, რომ ძალიან კეთილგანწყობილი იყო. ამის შემდეგ აღარ გვინახავს, ისე გამოქვეყნდა გადაწყვეტილება, რამაც ჩვენი პროტესტი გამოიწვია და დავიწყეთ 24 საათიანი პროტესტი. შუაღამისას მოვიდა მინისტრი და გვითხრა, რომ ბატონ ირაკლი კობახიძეს სურდა ჩვენთან შეხვედრა კანცელარიაში და ბუნებრივია, ჩვენც წავედით. პრემიერმა, ჩვენი თანდასწრებით დაავალა, ეზრუნა ონკოპაციენტებზე. იქ იყო ძალიან ლმობიერი. გამოდის, რომ ეს კაცი მხოლოდ პროტესტის ფონზეა ადეკვატური და ისე გვიყვირის და გვაბულინგეებს? ან რატომ ყვირის, იმიტომ რომ გვინდა სიცოცხლე და ამ მიზნით ვითხოვთ რაღაცას?" - განაცხადა აფხაიძემ.
მისივე თქმით, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ პროტესტი შეწყდა და შეხვედრა 9 აპრილს 3 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში ჩაინიშნა. სადაც მინისტრი შეცვლილი ტონით მივიდა.
"პაციენტები ყვებოდნენ თავის ამბებს, მეოთხე სტადიის მქონე პაციენტები, ერთ-ერთმა დასვა კითხვა, რამაც გააღიზიანა მინისტრი, გამოვიდა წყობილებიდან, თქვენ ჩემ წინააღმდეგ ხართო, მაკრიტიკებთ ტელევიზიითო და ყვირილი დაგვიწყო... გაღიზიანებული იყო ჩემს მიმართაც, ტელევიზიებს ეწერები და ისე გამოგყავს, რომ არაფერს ვაკეთებთო. ასევე, იცავდა თამარ გაბუნიას, რომელმაც მოგვატყუა.
რომ ავხსნა, იქ როგორი ადამიანები იყვნენ, მეოთხე სტადიის პაციენტები, რომლებსაც აინტერესებთ, როგორ გადარჩნენ. პაციენტმა იკითხა ვადებზე, როგორც მახსოვს, კვლევები როდის დაიწყებაო, ჩვეულებრივი შეკითხვა დასვა. ჩვენი მხრიდან არ ყოფილა აგრესია, თუმცა რომც ყოფილიყო, ისეთ მდგომარეობაში ვყავართ დღეს სამინისტროს ონკოპაციენტები, ესეც ბუნებრივი იქნებოდა. მინისტრს უნდა ჰქონდეს თმენის ვალდებულება" - განაცხადა აფხაიძემ.
დღეს, 18:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის ბრიფინგია ჩანიშნული. აფხაიძე ამბობს, რომ იმედი აქვს, მინისტრი ისევ პაციენტებს არ დაადანაშაულებს და მოიხდის ბოდიშს.
შეგახსენებთ, ონკოპაციენტები 25 000-ლარიანი ლიმიტის გაუქმებას, საჭირო მედიკამენტების დროულად შემოტანასა და იმ მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდას ითხოვენ, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ამ მოთხოვნებით უკვე რამდენიმე თვეა ისინი რეგულარულ აქციებს მართავენ.