მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონკოპაციენტებისთვის 25 000-ლარიანი ლიმიტის გაზრდას კი არა, მოხსნას ვითხოვთ - "კავშირი სიცოცხლისთვის" კიდევ ერთ საპროტესტო აქციას აანონსებს

ონკოპაციენტი

ორგანიზაციისთვის "კავშირი სიცოცხლისთვის" მოითხოვს მოიხსნას ონკოპაციენტებისთვის 25 000-ლარიანი წლიური ლიმიტი და დაფინანსდეს მკურნალობა სრულად.

ლიმიტის გაზრდის დაპირება ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან 2023 წლის დასაწყისში გაიცა, თუმცა დაფინანსების ზედა ზღვარი დღემდე ძალაშია.

2023 წლის დეკემბერში კი, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ 2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა დაემატებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ როგორც კი ეჭვი რაიმე ტიპის სიმსივნეზე გაჩნდებოდა, კონკრეტულ კლინიკებში საბოლოო დიაგნოზის დასმის პროცედურებს სახელმწიფო დააფინანსებდა - ეს კი ონკოდაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის წინაპირობა გახდებოდა.

ამ სიახლემდე ცოტა ხნით ადრე - 30 ოქტომბერს, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყველა ონკოპაციენტს, გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები დაუფინანსდებოდა.

26 თებერვალს, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ორგანიზაციამ „კავშირი სიცოცხლისთვის“ გამართა პრესკონფერენცია. ორგანიზატორის განცხადებით, ქვეყანაში ონკოლოგიური პაციენტები სრულფასოვან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვის სერვისებს ვერ იღებენ და ყველა სამთავრობო სტრუქტურას დახმარებისთვის მიმართავენ.

„ასევე ვაპირებთ მივმართოთ თხოვნით საელჩოებსაც, რადგან ის ონკოპაციენტები, რომლებმაც მოახერხეს უკანასკნელი სახსრებით ემიგრაციაში წასვლა თავის გადარჩენის მიზნით, არ გამოაგდონ მანამ, სანამ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ გახდება სრულფასოვანი მკურნალობა ხელმისაწვდომი. ამ მოთხოვნით გავმართეთ დღესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ბრიფინგი. გვინდა შევხვდეთ პრეზიდენტს და ვთხოვოთ დახმარება. სანამ საქართველოში ეს პრობლემა მოგვარდება არ უთხრან ევროპულმა სახელმწიფოებმა ქართველ ონკოპაციენტებს მკურნალობაზე უარი. ვიცით, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის სიტყვა ძალიან წონადია საზღვარგარეთ“, — ამბობს გვანცა აფხაიძე bm.ge-სთან.

მისვე თქმით, დღეს არსებული 25 000-ლარიანი ლიმიტი მკურნალობის მხოლოდ 30%-ია. ასევე, დაფინანსება არ მოიცავს გეგმიურ ვიზიტს ექიმთან და არც აუცილებელ კვლევებს. გარდა ამისა, პროგრამის მიღმაა არა ერთი მედიკამენტი, რომელიც საერთაშორისოდ აპრობირებულია, მაგრამ საქართველოში კვლავ არ არის რეგისტრირებული.

„ჩვენ 12 თებერვალს შევიტანეთ პრემიერთან წერილი. ამის შემდეგ დაგვიკავშირდა ჯანდაცვის სამინისტრო და 16 თებერვალს მათთან შეხვედრა გვქონდა. სამინისტროში შეხვედრა იყო არაპროდუქტიული, რადგან კონკრეტული პასუხები ვერც ერთ კითხვაზე ვერ გვითხრეს. უამრავ ნიუანსზე თქვეს, რომ აქამდე არ იცოდნენ. არადა, 2 წელია მუშაობენ პროგრამაზე. რაც შეცვალეს, იმით გაუმჯობესების ნაცვლად გააუარესეს პაციენტების მდგომარეობა. ახლა, ვითხოვთ უშუალოდ პრემიერთან შეხვედრას, ის არის ჩვენი ადრესატი.

სისტემა ისეა მოწყობილი, რომ 25 000-ლარიანი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ, უნდა მიხვიდე რეფერალურ საავადმყოფოში და იქ დაწერო განცხადება, ან ფოსტით გამოგზავნონ. ონლაინ განაცხადს 2024 წელს არ იღებენ. გამოდის, დაუძლურებულმა ადამიანებმა მხოლოდ განცხადების დასაწერად ხშირად ასობით კილომეტრი უნდა გაიარონ. ვკითხულობთ რა არის საჭირო? ამაზეც კი არ აქვთ პასუხი. მით უფრო არ აქვთ პასუხი ლიმიტის გაზრდის ვადებზე. არადა ჩვენ ლიმიტის გაზრდას კი არა, მოხსნას ვითხოვთ. 2022 წლის ოფიციალური მონაცემებით საქართველოში ონკოპაციენტების ლეტალობა 50%-ია. შეადარონ ეს ნებისმიერი საშუალოდ განვითარებული ქვეყნის მაჩვენებელსაც კი, რომ დაინახონ რა სავალალო მდგომარეობაა", - უთხრა აფხაიძემ BMG-ის.

ორგანიზაციის „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელმა კიდევ ერთი აქცია დააანონსა — ისინი პროტესტის გამოსახატავად მორიგ ჯერზე 3 მარტს, 15 საათზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან.

აღნიშნულ საკითხზე - BMG ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ დაფინანსების 25 000 ლარიანი ლიმიტი ისევ არსებობს, თუმცა 2022-2023 წლებში საქართველოში, ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტებისა და მომსახურების მაქსიმალური ხელმისაწვდომობისთვის არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა და ეს პროცესი ისევ გრძელდება. მათ შორის, გრძელდება მუშაობა ლიმიტის გაზრდაზე. თუმცა კონკრეტული ვადები ვერ სახელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები