მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრო VS ფარმაბიზნესი-ურთიერთბრალდებების ახალი სერია-BMG-ის კითხვები და მინისტრის პასუხები

64bb095837206
თელარა გელანტია
22.07.23 11:45
743
რამდენიმე კვირიანი „შესვენების“ შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროსა და ფარმაბიზნესს შორის ურთიერთბრალდებების ახალი სერია დაიწყო. 20 ივლისს, ზურაბ აზარაშვილის უწყებამ ფარმაცევტული კომპანიები „ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატ „დეპაკინის" სავარაუდოდ ხელოვნურ დეფიციტში“ დაადანაშაულა. იმავე დღესვე ფარმაბიზნესმა განცხადება გაავრცელა, სადაც უკვე ჯანდაცვის სამინისტროს დასდო ბრალი რეპუტაციის მიზანმიმართულ შელახვაში. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში "დეპაკინის", დეფიციტი, ფაქტობრივად, დაადასტურეს, მაგრამ ირწმუნებიან, რომ ეს მათი მიზეზით არ ყოფილა. "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მედიკამენტი “დეპაკინი ხრონო” საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებისთანავე იყო მიწოდებული როგორც კერძო, ასევე ქსელური სააფთიაქო დაწესებულებებში რეალიზაციისათვის, მაგრამ შეზღუდული და არასაკმარისი რაოდენობიდან გამომდინარე მოხდა აღნიშნული მედიკამენტის სწრაფი ამოყიდვა", - ეწერა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებაში.

21 ივლისის მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ფარმაცევეტული კომპანიების საწყობებში მარაგების გადამოწმების შედეგად, ათასობით კოლოფი "დეპაკინი" აღმოაჩინეს, თუმცა კომპანიების დასახელებისგან თავი შეიკავა. ამასთან, ზურაბ აზარაშვილი ამტკიცებს, რომ ფარმაცევტული კომპანიების მოტივი აღნიშნულ პრეპარატზე დაწესებული რეფერენტული ფასის ანუ ზედა ზღვრის კიდევ გაზრდის მოთხოვნა იყო. „ეს დეფიციტი, სავარაუდოდ, შექმნილი იყო იმისათვის, რომ რეფერენტული ფასი გაზრდილიყო, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია“ - განაცხადა მინისტრმა.

ფარმაცევტული ბიზნესის მიმართ ზურაბ აზარაშვილის ბრალდებების უდიდესი ნაწილი არა - მტკიცებით, არამედ ვარაუდის ფორმატში ჟღერდება და ვარაუდების დადასტურებას ის კონკურენციის ეროვნული სააგენტოსგან ელის.

BMG-ს საშუალება ჰქონდა, ამ თემაზე მინისტრისთვის რამდენიმე კითხვა დაუსვა.



- ბატონო ზურაბ, თქვენ ამბობთ, რომ „დეპაკინზე“ დეფიციტის ხელოვნურად შექმნის მიზანი, სავარაუდოდ, რეფერენტული ფასის გაზრდა იყო. მინისტრი ბრძანდებით და თქვენს სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს - ეს ეჭვი სავარაუდოა თუ სხვა სარწმუნო ფაქტებს და ინფორმაციას ეფუძნება? ასევე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აფთიაქებში მარაგების შემოწმება ონლაინ შეუძლია, სად არის ლოგიკა - ასეთ სერიოზულ რეპუტაციულ თვითდაზიანებას რატომ მიიყენებდა ფარმაბიზნესი, როცა იცის, რომ მედიკამენტების ნაშთები/მარაგები მარეგულირებლისთვის ხელმისაწვდომია?

- თქვენ ხომ არ გაქვთ პასუხი, რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი - ორი კვირის განმავლობაში ათასობით კოლოფი საწყობში და არცერთი - ქსელში. იქნებ თქვენ გაქვთ პასუხი, თუნდაც ვარაუდის დონეზე რომ მიპასუხოთ, რა შეიძლება იყოს მიზეზი?!
- მე ლოგიკურ ხაზს ვერც ჯანდაცვის სამინისტროს არგუმენტებში ვხედავ... როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს აფთიაქებში არსებული მარაგების გადამოწმება შეუძლია, გიჟია ბიზნესი ასე მოიქცეს?!

- ვერ მპასუხობთ, ხო?! მე ჩემი ვარაუდი გითხარით... მომდევნო დღეს მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის დადგენის საბჭო ტარდებოდა და ერთ-ერთი ამ მედიკამენტის ფასის განხილვა უნდა მომხდარიყო. გასული ერთი კვირის და მეტის განმავლობაში, დეფიციტია შექმნილი ყველა სააფთიაქო საცალო ქსელში, საწყობი კი, სავსეა ამ მედიკამენტებით, სხვა რა პასუხი შეიძლება იყოს?!

- ვიდრე სამინისტრო განცხადებას გაავრცელებდა და ფარმაცევტულ ბიზნესს ამ კონკრეტულ მედიკამენტზე, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნაში დაადანაშაულებდა, ხომ არ გქონიათ კომუნიკაცია ფარმაცევტულ კომპანიებთან და თუ - კი, რა გითხრეს?

- აუცილებლად <გვქონდა>... არგუმენტები იყო ზუსტად იგივე, რაც გამოაქვეყნეს... შეხვედრებიც გვქონდა, მაგრამ ეს არგუმენტები თქვენთვის თუ მისაღებია, ჩვენთვის არ არის საკმარისი და მისაღები...

- თუმცა არც სამინისტროს არგუმენტებია ძალიან მყარი... ისე, მაგალითად, როდესაც სურსათის ეროვნული სააგენტო თავისი მიმართულებით აღმოაჩენს კრიტიკულ შეუსაბამობებს სხვადასხვა კვების ობიექტში, ის კონკრეტულად ასახელებს მათ... ჯანდაცვის სამინისტროს ბრალდებები კი არის კონკრეტიკის გარეშე და შემდეგ ასევე, მთელი ფარმაბიზნესი თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ სამინისტრო მიზანმიმართულად ლახავს კომპანიების რეპუტაციას. ამდენად, მთელი სექტორისთვის რეპუტაციის შელახვას, ხომ არ სჯობს, პირდაპირ დაასახელოთ კომპანიები, ვინც არაკეთილსინდისიერად იქცევიან?

- ჩვენ არ დაგვისახელებია <ფარმაცევტული კომპანიები>, მაგრამ მაინც კონკრეტულად თვითონ გვიპასუხეს ცალ-ცალკე და ჩემი აზრით, აღარ იყო ამის დაზუსტება საჭირო, თუმცა ჩვენი მხრიდან სწორად მოვიქეცით, რადგანაც მოკლე ვადაში შესაბამისი ახსნა-განმარტებების ჩაბარება დაიწყება კონკურენციის სააგენტოსთან და არ გვინდა, ამ პროცესს ხელი შევუშალოთ.

- კიდევ ერთხელ დავაზუსტებ - "დეპაკინზე“ რეფერენტული ფასის გაზრდის მიზნით, დეფიციტის ხელოვნურად შექმნა - ეს უბრალოდ თქვენი ვარაუდია და არა მტკიცებულებებით გამყარებული ბრალდება?

- ეს ფაქტები ერთმანეთს ემთხვევა და ემთხვევა დროშიც; ძალიან გონივრული ეჭვია, რომ ასეთი ფაქტი ამის გამო ხდებოდა...

- გონივრული ეჭვების საფუძველზე ბიზნესისთვის რეპუტაციის შელახვა შეიძლება?! მინისტრმა BMG-ის აღნიშნული კითხვა უპასუხოდ დატოვა.

- კიდევ ერთი კითხვა ბატონო ზურაბ - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია აცხადებს, რომ მედიკამენტი “დეპაკინი ხრონო” რომელიც წარმოებულია კომპანია „სანოფი“-ს მიერ, მწარმოებლის მხრიდან შეფერხებული საწარმოო პროცესებიდან გამომდინარე, ბაზარზე იქნა იმპორტირებული მცირე რაოდენობით და მწარმოებელმა მხარემ ვერ მოახერხა საჭირო რაოდენობით მედიკამენტის მოწოდება დამკვეთებისთვის. ასევე, ფარმაცევტული კომპანიების მტკიცებით, "დეპაკინის“ იმპორტი შეფერხებულია პარალელური რეჟიმით თურქეთიდანაც, ვინაიდან თურქული მხარე ვერ უზრუნველყოფს მედიკამენტის რეფერენტულ ფასში მოწოდებას.

- აი, მაგ ლოგიკაში როგორ მიყვებით მათ?! თუ რეფერენტული ფასის გამო ვერ უზრუნველყოფს, როგორ შემოიტანეს გუშინ ან გუშინწინ ან ორი კვირის წინაც... თუ ეს არის მიზეზი, მაშინ ლოგიკურია, რომ რეფერენტული ფასის გამო მარჟა თუ საკმარისი არ არის და არ ჰყოფნით, არ უნდა შემოსულიყო, მაგრამ შემოდის და სავარაუდოდ, ხელოვნურად არ გადანაწილდა ქსელში. მაშინ ან რეფერენტული ფასის გამო მიუღებელია და არ შემოაქვთ, ან შემოაქვთ და ფაქტია, რომ შემოაქვთ.

მინისტრის მიერ მთავრობის სხდომის შემდეგ გაკეთებული განცხადებების და ბრალდებების შემდეგ, ფარმაცევტულმა ბიზნესმა BMG-ისთან მორიგი განმარტება გააკეთა. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში ამბობენ, რომ სამინისტრომ ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტზე სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტების შესახებ ინფორმაცია გადაუმოწმებელ მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა.

„დეპაკინი“ თავად იყო დეფიციტში მოხვედრილი; მისი იმპორტი ძალიან მცირე რაოდენობით მოხდა და შემდეგ არის კონკრეტული ლოგისტიკური პროცედურები, რომელიც გაწერილია GDP სტანდარტით. ამ მედიკამენტის მოწოდება, აღრიცხვა, სისტემაში ასახვა, სერიული ნომრების შედარება აბსოლუტურად ყველა ეს პროცედურა არის გაწერილი ამ სტანდარტით, რაც ითხოვს შესაბამის დროს. მერწმუნეთ, როგორც კი მოხდა ამ მედიკამენტის ასახვა სააფთიაქო ბაზებზე, უმალ დარიგდა. სამწუხაროდ, ვინაიდან იყო შექმნილი დეფიციტური მდგომარეობა, ეს მედიკამენტი ამ რაოდენობით ეგრევე ამოიყიდა“, - ირწმუნება ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი ილონა კოკიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები