ფეროშენადნობთა ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, როდესაც ბაზარზე შედარებით იაფი ელექტროენერგია იქნება, საქმიანობის განახლებას რამდენიმე მცირე საწარმო შეძლებს.
როგორც BMG-სთან ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, ამ დროისთვის სექტორში კვლავ მძიმე ვითარება ნარჩუნდება და სტაბილურ რეჟიმში მხოლოდ ორი მსხვილი საწარმო მუშაობს.
ნუგზარ კევლიშვილის თქმით, გლობალურ ბაზარზე ფეროშენადნობებზე კვლავ დაბალი ფასები ნარჩუნდება, თუმცა მოლოდინია, რომ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში წარმოების თვითღირებულება შემცირდება, რასაც ბაზარზე დადებითი შედეგი უნდა ჰქონდეს.
“ფასები კვლავ დაბალია. მინიმალურ ზღვარს კი ასცდა, შარშან დაახლოებით 950 დოლარი იყო, ახლა ფეროშენადნობებზე ფასი 1150-1200 დოლარია, რაც კვლავ ძალიან დაბალია იმისთვის, რომ ბევრმა საწარმომ განაახლოს ოპერირება ბაზარზე. თუმცა, გარკვეული საწარმოები მუშაობენ, რაც ძალიან კარგია და ექსპორტიც ხორციელდება.
ამჟამად სტაბილურად მუშაობს ორი საწარმო, ხოლო ორი – ჩართვა-გამორთვის რეჟიმშია, ანუ ძალიან წვალობენ. „ჯორჯიან მანგანეზი“ და “მანგანუმ ჯორჯია” საბედნიეროდ სტაბილურად ოპერირებენ ბაზარზე, ქმნიან პროდუქციას და აკეთებენ ექსპორტს.
კარგი დრო ნამდვილად არავისთვისაა ამ დარგში – არც ჩვენთვის და არც ჩვენი კოლეგებისთვის სხვადასხვა ქვეყნებში. გარკვეული საწარმოები ევროპაშიც და აზიაშიც კი დაიხურა. იმედი მაქვს, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში სიტუაცია ოდნავ გამოსწორდება. ფასების ზრდა რომც არ მოხდეს, მაინც იმის ხარჯზე, რომ საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი დაბალი იქნება, რამდენიმე მცირე საწარმომ შეიძლება განაახლოს ოპერირება”, - განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.




























