მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმედია, მთავრობა დაგვეხმარება და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები" - გურჯაანის მერია

648c3771536ea
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.23 14:27
621
15 ივნისს გურჯაანში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ქალაქში მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და სპეცტექნიკა, რომლებიც დატბორილი ქუჩებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გაწმენდას აწარმოებენ. ადგილზე იმყოფებიან მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში, რომლებმაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება და სტიქიით გამოწვეული შედეგების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

გურჯაანში სტიქიის შედეგებსა და ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობაზე გადაცემა „საქმის კურსში“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი გელენავამ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მერია ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ცდილობს არსებული პრობლემების გადაჭრას. ზარალის დათვლა კი გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება. 

„მაქსიმალურად ვცდილობთ გავასუფთავოთ დაზიანებული გზები და ხევები, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ გაზის და ელექტროენერგიის სრული მიწოდება. ვეცდებით, ეს პრობლემები 2 დღეში გადავჭრათ. მუნიციპალიტეტის დონეზე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და როგორც კი აღდგენით სამუშაოებს მოვრჩებით და დავასუფთავებთ ყველაფერს, ჩვენი კომისია თითოეულ ოჯახთან მივა. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს განცხადებების მიღება მოსახლეობისგან, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მაქსიმალურად ვეცდებით და გავაკეთებთ იმას, რომ არც ერთი ჩვენი მოქალაქე უყურადღებოდ არ დარჩეს“, - განაცხადა ლერი გელენავამ.

მისი თქმით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მოსახლეობამ დიდი ზარალი მიიღო, გატაცებულია და დატბორილია მანქანები და პირველ სართულებზე შესულმა წყალმა მოსახლეობას ტექნიკა დაუზიანა. მერის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავს, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად საუბარი იმაზე, საიდან მოხდება ზარალის ანაზღაურება, ჯერ არ ყოფილა, თუმცა იმედს იტოვებს, რომ ამისთვის თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა.

„იმედი გვაქვს, ცენტრალური მთავრობა დაგვეხმარება და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები, ზიანის ასანაზღაურებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან მაქსიმალურად გამოიყოფა თანხები. ამ ეტაპისთვის დაახლოებით 45 განაცხადია შემოსული, თუმცა ზარები კვლავ გრძელდება“, - ამბობს გელენავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები