მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იმედია, წინასაახალწლოდ რესტორნების 23:00 საათამდე მუშაობის შეზღუდვას გააუქმებენ - “Z 10”

618be7b440b34
მარიამ ვარადაშვილი
10.11.21 19:38
700
მას შემდეგ, რაც მთავრობამ 1-ელი დეკემბრიდან ე.წ. "მწვანე პასპორტების" სისტემის ამოქმედება დააანონსა, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ თუ ის წარმატებით იმუშავებს, რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა შეუმსუბუქდებათ. საქმე ის არის, რომ უკვე რამდენიმე თვეა, პანდემიის გამო, ქვეყანაში კვების ობიექტები 23:00 საათამდე მუშაობენ. ბიზნესს იმედი აქვს, რომ აღნიშნული შეზღუდვა მალე მოიხსნება. 

რესტორან “Z 10”-ის დამფუძნებელი ნიკა მანჯგალაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ სარესტორნო ბიზნესი დიდი ხანია, ამ შეზღუდვის მოხსნას ითხოვს. მისივე თქმით, სოციალურ ქსელში სპეციალური ჯგუფიც აქვთ შექმნილი, რომელშიც როგორც რესტორნების, ასევე ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები არიან. მათ შორის ეკონომიკის მინისტრი და მისი მოადგილე, ასევე ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი და შრომის ინსპექსიის უფროსი ბექა ფერაძეც, რომლის უწყებაც ამ რეგულაციის აღსრულებაზეა პასუხისმგებელი.

“სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან ნორმალურად მიდიოდა საუბარი, თუმცა ახლა უბრალოდ, პასუხი არ აქვთ. "მწვანე პასპორტების" ამოქმედების შემთხვევაში გარკვეული პრივილეგია ხომ უნდა მივიღოთ ანუ ან მაგიდასთან მეტი ადამიანის დასმის უფლება მოგვცენ, რადგან მოქმედი რეგულაციით ოთხ მეტრზე ერთი ადამიანი უნდა დავსვათ, ასევე 23:00 საათზე ობიექტის დახურვის რეგულაცია გადაწიონ; კითხვებს ვსვამთ, თუმცა პასუხი აბსოლუტურად არავის აქვს. მივხვდით, რომ მათთვის ყველაზე დაბალი ღობე ვართ და თუ რამე ხდება, პირველი ჩვენ ვიკეტებით. თუ არ მოეთხოვება თანამშრომელს რომ აცრილი იყოს, მაშინ რესტორანში გნებავთ აცრილი შეუშვი, გნებავთ - აუცრელი. რისკფაქტორი დაბლა არ ჩამოდის", - აცხადებს ნიკა მანჯგალაძე.

ამის მიუხედავად, ის ფიქრობს, რომ “მწვანე პასპორტების” სისტემის ამოქმედების შემდეგ მომხმარებელი არ მოაკლდება, თუმცა შემოწმების კუთხით აღსრულება გართულდება. “გარკვეული უხერხულობა არის, თუმცა თუ ამით რამეს ეშველება, თანახმა ვართ", - ამბობს რესტორნის მფლობელი.

ამასთან, ნიკა მანჯგალაძის თქმით, მთავრობის მხრიდან ისედაც იყო დაპირება, რომ თუ “მწვანე პასპორტების” სისტემა რესტორნებსაც მოიცავდა, მაშინ ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებოდნენ. რაც შეეხება ახალი წლის მოახლოებას, როცა კვების ობიექტებზე მოთხოვნა იზრდება, “Z 10”-ის დამფუძნებელს მოლოდინი აქვს, რომ ახალი წლისთვის ეს რეგულაცია აღარ იმოქმდებს.

“იმედი გვაქვს, რომ მოხსნიან, რადგან ეს ხომ დამატებითი შემოსავალია ქვეყნისთვის?! ტურისტი, რომელიც რესტორანში შემოდის, გეუბნება, რომ გართობა უნდა.. ანუ რისთვის ჩამოდიან საქართველოში?! სამკურნალოდ ხომ არ ჩამოვლენ, თან მიჩვეულები არიან აქ ყოველთვის იყო ქეიფი. უცებ ეუბნები რომ არა, 23:00 საათზე წადი სახლში. ამ დროს სახლში წასვლა ნიშნავს იმას, რომ 22:00 საათზე სამზარეულო უნდა დაკეტო. ეს ანომალიური შემთხვევაა", - აცხადებს ნიკა მანჯგალაძე.

მისივე თქმით, მთავარობის ყველა რეგულაციას ზედმიწევნით ასრულებენ, თანამშრომლები სრულად აცრილები არიან და არც 23:00 საათზე მუშაობის წესის დარღვევას აპირებენ.

“ეკონომიკის სამინისტრომ გვითხრა, აცერით ყველა თანამშრომელი და პირველი ივლისიდან პრივილეგიები გექნებათო; რომელ პრივილეგიაზეა საუბარი, არ ვიცი. ყველა თანამშრომელი აცრილი გვყავს. თუ გახსოვთ სამინისტრომ სტუმარ-მასპინძლობის სექტორში აცრებისთვის სპეციალური პროგრამაც კი შექმნა. იმავე დღეს ჩავწერეთ ყველა აცრაზე, მაგრამ არანაირი პრივილეგია. სულ რაღაცას გვპირდებიან და შემდეგ არაფერი", - აცხადებს ნიკა მანჯგალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები