"ოცნების" ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და POSTV-ს დასანქცირება უსამართლო გადაწყვეტილებაა. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრმა ასევე შეაფასა ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაც. ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართველი ოპოზიციონერებისთვის გამოგზავნილ წერილში აცხადებს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს არსებულ გზას, შესაძლოა, მეორე ეტაპზე უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეჩერდეს.
"არავითარი არც სამართლებრივად ვალიდური და ვარგისი წინაპირობა ასეთი რამის გაკეთებისთვის ობიექტურად არ არსებობს. თუმცა სამწუხაროა, რომ ბოლო დროს ვაწყდებით ცალკეულ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად სამართლებრივად არაარგუმენტირებულია, მიიღება ხოლმე. ეს დასანანი რეალობაა. ეს მოდის სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ევროპული სახელმწიფოებიდან, ევროპული ბიუროკრატების მხრიდან, მათ შორის როგორც მაგალითად ჩემი თვალთახედვით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ზოგიერთ მედია საშუალებებთან დაკავშირებით.
ეს გადაწყვეტილება სამწუხაროდ მრავალპლასტიანია, ოღონდ არცერთი ეს პლასტი არ გულისხმობს იმას, რომ რაიმე სასიამოვნო და სწორი ვნახოთ ამ ყველაფერში. გადაწყვეტილება საფუძველშივე მცდარია ჩემი აზრით და სამართლებრივად აბსოლუტურად გაუმართავი. ამაზე შეგვიძლია აბსოლუტურად დამაჯერებლად საუბარი. მეორე, ლოგიკურადაც არგუმენტირებულად დასაბუთებული არ არის და უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე გაცემულ პასუხს ამასთან დაკავშირებით. კითხვა გახლავთ მარტივი, რომ ის რისთვისაც მაგალითად "იმედის" დასანქცირება მოხდა, ან "პოსტივის" დასანქცირება მოხდა, როგორც ამბობენ, იგივე რამ მაგალითად ნათქვამი აქვს ისეთ სტრუქტურებსა და სუბიექტებს, რომლებსაც როგორც ჩანს ვერც ვერავინ ვერ გაუბედავს რაიმე საყვედურის თქმას იმის გამო, რის გამოც მაგალითად "იმედის" დასანქცირება გადაწყვიტა ვიღაცამ. რასაკვირველია, რომ ეს აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილებაა და ვფიქრობ, რომ ამას აუცილებლად დასჭირდება ძალიან მალე იმავე ხალხის მხრიდან გადახედვა, ვინც ეს გადაწყვეტილებები მიიღო. ეს იმ ფონზეა რა თქმა უნდა, მომდევნო პლასტი რაც არის, რომ ბრიტანეთი რაღაცა რუსულ კავშირებზე საუბრობს და იმავდროულად თვითონ აღრმავებს ვაჭრობას რუსეთთან. იმავდროულად გასათვალისწინებელია, რომ მაგალითად კონკრეტული სტრუქტურები, რომლებშიც რუსული ბიზნეს ინტერესებია გამოკვეთილი, თავისუფლდებიან სანქციებისგან. ესეც რა თქმა უნდა არასწორ ლოგიკაზე, მრავალსტანდარტიანობაზე და არაერთგვაროვნებაზე - ეს ყველაფერი მეტყველებს. განსაკუთრებით დასანანი პირადად ჩემთვის არის ის სასიხარულო ჟივილ-ხივილი და რაღაცა გამარჯვების მერცხლებზე ასაუბრება ქართველი მოქალაქეების მხრიდან, რომლებსაც წესით არცერთ შემთხვევაში, არცერთი მოტივით არ უნდა უხაროდეს მის საკუთარ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ჩახშობის სურვილი. განსხვავებული აზრის მქონე ტელევიზიის აზრის გამოთქმისთვის მიმართ აგრესიულობა, რასაკვირველია, რომ აბსოლუტურად მეორე ბნელი მხარე უნდა იყოს შენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა როგორია ეს აზრი, მოგწონს თუ არა",- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედი“ და POSTV – სანქციები დაუწესა, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, აქტივების მართვასთან დაკავშირებული ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორების დისკვალიფიკაციას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, თუ საერთაშორისო სანქციებსა და ქართულ კანონებს შორის წინააღმდეგობა გაჩნდება, ბანკები ვალდებულები არიან, ადგილობრივ წესებს დაემორჩილონ. ბანკებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.




























