ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართველი ოპოზიციონერებისთვის გამოგზავნილ წერილში აცხადებს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს არსებულ გზას, შესაძლოა, მეორე ეტაპზე უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეჩერდეს.
ამ ეტაპზე ევროკავშირს უვიზო რეჟიმი მხოლოდ საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის აქვს შეჩერებული.
"საქართველოში ბოლოდროინდელ ნეგატიურ განვითარებას რაც შეეხება, ევროკავშირს ჰქონდა მკაცრი რეაქცია და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და უსამართლოდ დაკავებული პირი. ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება საარჩევნო დარღვევების, მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის, რეპრესიული კანონმდებლობის მიღებისა და მართლმსაჯულების სისტემის რეპრესიის იარაღად გამოყენების გამო. ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს.
მიმდინარე მოვლენებზე საპასუხოდ, კომისიამ მიიღო შესაბამისი ზომები, მათ შორის ხელისუფლებისთვის ორმხრივი ფინანსური დახმარების შეჩერება და ჩვენი პოლიტიკური კონტაქტების დონის დაწევა. გარდა ამისა, კომისიის წინადადების საფუძველზე, საბჭომ დააწესა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერება, რაც შეეხო საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რჩება დე ფაქტო შეჩერებული.
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ბოლო ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა 2025 წლის 19 დეკემბერს, კომისიამ დაასკვნა, რომ საქართველომ განიცადა შემდგომი უკუსვლა ისეთ საკვანძო საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა მმართველობა, კანონის უზენაესობა, სავიზო პოლიტიკის შესაბამისობა და კორუფციასთან ბრძოლა, რაც წარმოადგენს უვიზო მიმოსვლის მინიჭების საფუძველს. ამ უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ხასიათიდან გამომდინარე, კომისიამ დაიწყო პროცედურა შემდგომი ზომების მისაღებად ვიზალიბერალიზაციის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში. ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე სავიზო რეჟიმის შეჩერება შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს. მეორე ეტაპზე, შეჩერება შეიძლება გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე თუ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ მოხდება პრობლემების აღმოფხვრა.
მიუხედავად იმისა, რომ სანქციებზე წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსი ჯერ არ მიღწეულა, გრძელდება დისკუსიები დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხზე. ევროკავშირის სანქციებზე ყველა გადაწყვეტილება საბჭოში მიიღება წევრი სახელმწიფოების მიერ ერთხმად.
ევროკავშირი რჩება საქართველოში დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის ერთგული. დარწმუნებული იყავით, რომ ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლისკენ სწრაფვის გვერდით", - წერს ფონ დერ ლაიენი სააგენტო "ევროსკოპის" მიერ გავრცელებულ წერილში.




























