ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა შეიცვალა. საჯარო რეესტრის მიხედვით, საბჭოს ახალ თავმჯდომარედ ირაკლი ჩიხლაძე აირჩიეს, მის მოადგილედ კი ნათია სონღულაშვილი.
ცვლილებების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არხის გენერალურმა დირექტორმა მარიამ [მაკა] ლომიძემ 13 მარტს მიმართა.
წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, განახლებულ საბჭოში 7 წევრია. მათგან უმრავლესობა არხის მფლობელია და კომპანიის წილებსაც ფლობს:
- ირაკლი ჩიხლაძე (თავმჯდომარე) - „იმედის კვირის“ წამყვანი; ფლობს მფლობელი კომპანიის 10%-ს.
- ნათია სონღულაშვილი (მოადგილე) - საინფორმაციო სამსახურის უფროსი; ფლობს 10%-ს.
- მაგდალინა ანიკაშვილი - „იმედი LIVE“-ისა და „ღია ეთერის“ წამყვანი.
- მარიამ (მაკა) ლომიძე - გენერალური დირექტორი; ფლობს 10%-ს.
- ვასილ კალანდარიშვილი - ფინანსური დირექტორი; ფლობს 10%-ს.
- მაია ჩიგოშვილი - პროგრამების ხელმძღვანელი; ფლობს 10%-ს.
- ილია მიქელაიშვილი - მფლობელი კომპანიის საკონტროლო პაკეტის 50%-იან წილს ფლობს.
გარდა საკადრო ცვლილებებისა, 12 მარტის გადაწყვეტილებით, „იმედის“ მფლობელმა კომპანიამ („ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“) ტელეარხის განთავსებული კაპიტალი 30 მილიონი ლარით განსაზღვრა და ახალი წესდებაც დაამტკიცა.
სამეთვალყურეო საბჭოს განახლება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ტელეკომპანიის ყოფილმა მფლობელმა და საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ, სხვა სამ წევრთან (დავით შონია, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი ბახტაძე) ერთად პოზიციები დატოვა.
გადაწყვეტილება 25 თებერვალს მიიღეს, ზუსტად იმ დღეს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია „იმედი“ რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დაასანქცირა. რუხაძემ და საბჭოს სხვა წევრებმა რეესტრს მონაცემების დაჩქარებული წესით ასახვა სთხოვეს. რეესტრმა ცვლილება 5 საათში ასახა. 25 თებერვლიდან დღემდე საბჭოში მხოლოდ ერთი წევრი, მაკა ლომიძე ფიქსირდებოდა.




























