საჯარო რეესტრმა ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძისა და საბჭოს სამი წევრის: დავით შონიას, გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი ბახტაძის მიერ თანამდებობების დატოვების განაცხადა დაჩქარებული წესით 5 საათში დაარეგისტრირა.
რეესტრის მონაცემებით, ცვლილებების შემდეგ სამეთვალყურეო საბჭოში მხოლოდ არხის დირექტორი, მაკა ლომიძე დარჩა.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა რუსული დეზინფორმაციის გავრცელების მოტივით ტელეკომპანიებს - "იმედსა" და "Postv"-ის სანქციები დაუწესა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ "ტელეიმედის" მფლობელი 2026 წლის 6 თებერვალს შეიცვალა - ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა, "ტელეიმედის" მფლობელი კომპანია "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" 50%, რომელიც GDS-სა და რადიო იმედსაც მოიცავს "პრაიმ მედია გლობალზე" გაასხვისა, მეორე 50%-ის მფლობელები კი ტელევიზიის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში არსებული პირები - მარიამ ლომიძე (10%); ვასილ კალანდარიშვილი (10%); ირაკლი ჩიხლაძე (10%); ნათია სონღულაშვილი (10%) და მაია ჩიგოშვილი (10%).
თუმცა, არხის მფლობელობიდან გასვლის მიუხედავად, ირაკლი რუხაძე და სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრები ბიზნეს რეესტრის თანახმად დღემდე პოზიციებს ინარჩუნებდნენ ტელეკომპანიის საბჭოში. მათი გასვლის შემდეგ საბჭოში მხოლოდ ერთი წევრი - მარიამ [მაკა] ლომიძე რჩება.
ტელევიზიას 2025 წელს 45 მილიონი ლარის კომერციული შემოსავალი ჰქონდა, მისი ვალდებულებები 459 მილიონ ლარს, დაგროვილი ზარალი კი 454 მილიონ ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი რუხაძემ არხის საკონტროლო პაკეტი „სიმბოლურ ფასად“ 1000 ლარად გაყიდა.




























