მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარშან სარეკლამო შემოსავლების 83% იმედზე, რ2-ზე, POSTV-სა და GDS TV-ზე მოდიოდა - MDF

ტელევიზიები

2024 წელს „იმედზე“, „მედია ჰოლდინგზე“ [რუსთავი 2], POSTV-სა და GDS TV-ზე კომერციული რეკლამის შემოსავლების 67.4% მოდიოდა, 2025 წელს მათი წილი 82.9%-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "მედიის განვითარების ფონდის" მიერ მომზადებულ ანგარიშში "მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2025"-შია აღნიშნული.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობითვე, მხოლოდ „იმედმა“, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელების გამო 2026 წელს პოსტივისთან ერთად დაასანქცირა, 2025 წელს მთლიანი სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლის 48% მიიღო.

რაც შეეხება შემოსავლებს, ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს სამაუწყებლო მედიის ჯამურმა დეკლარირებულმა შემოსავალმა 240.6 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი (51%) ეროვნულ კომერციულ ტელევიზიებზე მოდიოდა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი (37%) მოსდევდა. სატელევიზიო ბაზრის საერთო შემოსავალი, წინა წლებთან შედარებით, შემცირდა. 2025 წელს მან 231.3 მლნ ლარი შეადგინა, რისი ძირითადი მიზეზიც არასამაუწყებლო შემოსავლების მკვეთრი კლება იყო. სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიები შემოსავლის ზრდის მიუხედავად 2025 წელს ზარალზე მუშაობდნენ: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ - 2025 წელი ჯამში 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს, საიდანაც ყველაზე დიდი წილი ტელეკომპანია „იმედზე“ მოდის (43 მილიონი).

"მედიის განვითარების ფონდის" მიერ მომზადებულ კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წელს რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედია საშუალებებთან და შუამავალ კომპანიებთან გაფორმებული საბიუჯეტო კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 9.28 მლნ ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2023 წლის მონაცემზე დაახლოებით 953 ათასი ლარით ნაკლებია.

"საბიუჯეტო რეკლამის განაწილება ეროვნულ ტელევიზიებში კვლავ უკიდურესად არათანაბარია. 2025 წელს ამ კატეგორიის კონტრაქტების 97.81% სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიებზე მოდიოდა, ხოლო ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად არხებზე - მხოლოდ 1.98%. მხოლოდ „იმედის“ წილი ეროვნული ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65% იყო. ონლაინ მედიაში არა მხოლოდ დაფინანსების მოცულობა გაიზარდა, არამედ შეიცვალა მისი ძირითადი მიმღებებიც. თუ წინა წლებში საბიუჯეტო კონტრაქტების მიღებით „პალიტრა მედიის“ ჰოლდინგში შემავალი ონლაინ გამოცემები ლიდერობდნენ, 2025 წელს ყველაზე დიდი მოცულობის კონტრაქტები „იმედის“ ვებგვერდზე მოდიოდა, ხოლო „პალიტრა მედიის“ გამოცემების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. 2025 წელს Imedinews.ge-თან ასეთი ხელშეკრულება 17 მუნიციპალურ ორგანიზაციას ჰქონდა გაფორმებული, ხოლო იგივე ტენდენცია 2026 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა", - აღნიშნულია კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები