იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზით თბილისიდან რაჭაში ჩასვლა სამ საათში გახდა შესაძლებელი, რამაც, როგორც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, ტურიზმს დიდი ბიძგი მისცა. საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების მანძილი ძველ გზასთან შედარებით 80 კმ-ით, ხოლო დრო 1,5 საათით მცირდება. გზის დიდი ნაწილი ტყიან ზონაში, მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი, გზა სრულად რეაბილიტირდა და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. პროექტი 7 მონაკვეთად იყო დაყოფილი და მის მშენებლობაზე 4-მა ქართულმა კომპანიამ იმუშავა. სულ, გზის მშენებლობაზე 900 ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 110 მილიონ ლარს გადააჭარბა. რა შედეგი გამოიღო ადგილობრივებისთვის ახალი გზის გახსნამ, გაიზარდა თუ არა ჯავშნებისა და შემოსავლების რაოდენობა და მისცა თუ არა პოზიტიური ბიძგი ტურიზმს?