სოფლის განვითარების სააგენტო იმერეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ინოვაციური ტექნოლოგიების საგრანტო პროგრამას განახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე ჯამურად შეადგენს შესასყიდი საქონლის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ლარს, ხოლო ქალის შემთხვევაში არაუმეტეს 60%-ს, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ლარის.
სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია ფერმერთა ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში მყოფი მცირე ზომის ფერმერების პროდუქტიულობისა და შემოსავლის გაზრდის მხარდასაჭერად, სხვადასხვა ინოვაციური ტექნოლოგიების გაძლიერებისა და დანერგვის გზით.
ამოცანა კი სოფლად მცხოვრებთათვის სოფლის მეურნეობის მიმართულებით ინოვაციური და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით სტარტაპ პროექტების განხორციელების ხელშეწყობაა.
პროგრამა ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, გაეროს განვითარების - UNDP-ის პროექტის: პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში (ფაზა 3)-ის ფარგლებში.