საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ჭიათურაში, ზესტაფონსა და ვანში საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრებს აშენებს, წყალტუბოში კი უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირება მიმდინარეობს - ინფორმაციას ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჭიათურაში, ზესტაფონსა და ვანში მიმდინარე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ მოინახულა.
სამინისტროს ინფორმაციით, თითოეული პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, სპორტსმენებისთვის განკუთვნილი გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და დამატებითი სათავსოები.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ზესტაფონისა და ვანის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა დასრულდება, ხოლო ჭიათურის ცენტრი ექსპლუატაციაში 2027 წელს შევა.
ტექნიკური ცენტრები შექმნის თანამედროვე სავარჯიშო გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდების სპორტში ჩართულობის ზრდას, ისე რეგიონებში ფეხბურთის განვითარებას.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრა გამართეს წყალტუბოში უეფას III კატეგორიის შესაბამისი, არანაკლებ 6 000 მაყურებელზე გათვლილი ახალიტრიბუნიანი საფეხბურთო სტადიონის პროექტის ავტორებთან. პროექტზე კონკურსში გამარჯვებული კომპანია „სტუდია 9” მუშაობს.
სახელმწიფო შესყიდვების პორტალის თანახმად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს „სტუდია 9“-მ ამ მომსახურების შესრულება 1 480 900 ლარად შესთავაზა.
„დღეს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ბატონ ლევან კობიაშვილთან ერთად, ადგილზე გავეცანით ჭიათურის, ზესტაფონისა და ვანის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობის მიმდინარეობას. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის სამთავრობო პროგრამა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
...ვიმედოვნებთ, რომ [უეფას III კატეგორიის სტადიონის] საპროექტო სამუშაოები უახლოეს კვირებში დასრულდება და უკვე წელს შესაძლებელი იქნება სამშენებლო ტენდერის გამოცხადება. ეს პროექტები უმნიშვნელოვანესია როგორც მასობრივი სპორტის განვითარებისთვის, ისე თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, რომელიც ქართულ ფეხბურთს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს,“ – აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
პრესრელიზის თანახმად, ახალი სპორტული კომპლექსი გათვლილი იქნება როგორც საფეხბურთო, ისე სარაგბო მატჩების მასპინძლობაზე. არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ, მოეწყობა თანამედროვე გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახები, დოპინგ-კონტროლის სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და მედიაცენტრი. პროექტი ასევე ითვალისწინებს უსაფრთხოების, განათების, გახმოვანებისა და ვიდეოსამეთვალყურეო თანამედროვე სისტემების მოწყობას, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირებულ ინფრასტრუქტურასა და ავტოსადგომს.




























