მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმერეთში, სოფელ გოგნთან 224-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური აშენდება - ნებართვა გაიცა

გოგნის ქარის ელექტროსადგური

იმერეთის რეგიონში, თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, სოფელ გოგნისა და მუხურას შორის მდებარე ქედზე, 224-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაა დაგეგმილი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პროექტზე ნებართვა შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, 30 მარტს გასცა.

პროექტის ინიციატორი შპს „გოგნის ქარის კომპანიაა“, რომელმაც ინიციატივა საქართველოს მთავრობას 2022 წელს წარუდგინა და 2022 წლის ოქტომბერში მთავრობის დადგენილებით პროექტის კონცეფცია დამტკიცდა.

დაგეგმილი სადგური მოიცავს არაუმეტეს 28 ქარის ტურბინას, თითოეულის სიმძლავრე მაქსიმუმ 8 მეგავატი იქნება. წლიური გამომუშავება 602–668 მილიონ კილოვატ საათს შორის ვარირებს. კომპანია ამჟამად ტურბინა გენერატორების რამდენიმე ალტერნატივას განიხილავს, კერძოდ:

  • V162-7.2 MW: ეს მოდელი გამოირჩევა 7.2 MW დადგმული სიმძლავრით. მისი როტორის დიამეტრი შეადგენს 162 მეტრს, ხოლო ანძის სიმაღლე შედარებით დაბალია — 119 მეტრი.
  • E-175 EP5: მოცემული ტურბინის სიმძლავრეა 7.0 MW. მას გააჩნია 175 მეტრიანი როტორი და 132 მეტრის სიმაღლის ანძა, რაც მაღალ სიმაღლეზე ქარის უკეთ ათვისების საშუალებას იძლევა.
  • GW 182-7.5: აღნიშნული ტურბინა გამოიმუშავებს 7.5 MW ენერგიას. მისი როტორის დიამეტრი182 მეტრს აღწევს, ხოლო ანძის სიმაღლე 130 მეტრია.
  • SI-19580: წარმოდგენილ მოდელებს შორის ყველაზე მძლავრია — 8.0 MW. ასევე ლიდერობს გაბარიტებით: მისი როტორის დიამეტრი 195 მეტრია, ანძის სიმაღლე კი 132 მეტრს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში აშენდება 220 კვ ქვესადგური, რომელიც მიწისქვეშა კაბელებით დაუკავშირდება ყველა ტურბინას და შემდგომში 17–22 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზით „ზესტაფონი 500“ ქვესადგურს შეუერთდება.

ელექტროსადგურის სამშენებლო არეალი დაახლოებით 2500 ჰექტარს მოიცავს, თუმცა უშუალოდ ინფრასტრუქტურა მხოლოდ მცირე ნაწილზე განთავსდება. სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, დასახლებული პუნქტები ქედთან შედარებით ქვედა სიმაღლეებზე მდებარეობს, შესაბამისად მის არეალში უშუალოდ საცხოვრებელი სახლები არ ექცევა.

კომპანია გოგნის ქარის ელექტროსადგური 2022 წელს არის დაფუძნებული, მისი 80%-ის მფლობელია ეიჯი ვინდ ფაუერი, რომელიც 100%-ით არჩილ გაჩეჩილაძეს ეკუთვნის.

ქარის ელექტროსადგურის განთავსების არეალი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები