მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: განვითარებად ქვეყნებს ინვესტორები ტოვებენ, გადინება $90 მილიარდს აჭარბებს

5e88542b461c7
შოთა ტყეშელაშვილი
04.04.20 14:40
2443
"Covid-19-ის პანდემიის შედეგად შეიქმნა ისეთი ეკონომიკური კრიზისი, რომელიც არასდროს ყოფილა" და რომელიც "ბევრად უარესია”, ვიდრე 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისი, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა გუშინ, 3 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე.

”საერთაშორისო სავალუტო ფონდის ისტორიაში არასოდეს ვყოფილვართ იმის მოწმე, რომ მსოფლიო ეკონომიკა გაჩერებულ მდგომარეობაში გვეხილა,” - აღნიშნა კრისტალინა გეორგიევამ.

ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისში სიტყვით გამოსვლისას გეორგიევამ თქვა, რომ "მთელი მსოფლიოსთვის ამ უმძიმეს გამოწვევას ერთიანი და ძლიერი პასუხი უნდა დაეცეს, ამ ერთიანობით კი, უნდა შევძლოთ და დავიცვათ ისინი, ვინც ყველაზე მოწყვლადია და ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება."

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მუშაობს მსოფლიო ბანკთან და სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული მძიმე ეკონომიკური შედეგების განვითარება. მისი თქმით, მსოფლიოს 90-ზე მეტმა ქვეყანამ სთხოვა IMF-ს ფინანსური დახმარება  და მათ მიერ ამ დახმარებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი $1 ტრილიონ დოლარს შეადგენს. 

”ჩვენ არასდროს გვქონია გადაუდებელი დაფინანსების გამოყოფაზე ამდენი ქვეყნისგან განაცხადი,” - თქვა გეორგიევამ.

IMF-ის ხელმძღვანელმა ამ დახმარების ბენეფიციარ ქვეყნებს მოუწოდა, თანხა ექიმების, ექთნებისა და სხვა ჯანდაცვის მუშაკების ანაზღაურებასა და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე დახარჯონ.

კიდევ ერთი მძიმე გარემოება, რასაც IMF-ის ხელმძღვანელი შეეხო, პანდემიის გამო ინვესტორთა მიერ განვითარებადი ქვეყნების დატოვებაა. მისი განცხადებით, ინვესტიციების გადინება ამ დროისთვის $90 მილიარდ დოლარს აღემატება. ამას ემატება გლობალურად ნედლეულზე მკვეთრად შემცირებული მოთხოვნა, რაც ექსპორტიორი ქვეყნების ეკონომიკებს დამატებითი დარტყმის ქვეშ აყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები