პასკალ დონოჰოუ, რომელიც 2017-2022 წლებში ირლანდიის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ახლა კი სახელმწიფო დანახარჯების სამინისტროს ხელმძღვანელობს, განიხილავს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. მინისტრობის გარდა, დონოჰოუ, ამჟამად, ევროზონის ფინანსთა მინისტრებისგან შემდგარ ორგანოს, Eurogroup-ს ხელმძღვანელობს - ამ თანამდებობაზე ის 2022 წლის ბოლოს, მეორე ვადით დაინიშნა.
დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს ბულგარელი ეკონომისტი, კრისტალინა გეორგიევა ხელმძღვანელობს, რომლის უფლებამოსილების ვადა 2024 წლის სექტემბერში იწურება, ასე რომ გასაკვირი არ იქნება, თუ IMF-ში ახალი ხელმძღვანელის ძებნა უკვე დაიწყეს. თავის დროზე, ფონდის ხელმძღვანელად გეორგიევას კანდიდატურას მხარი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუჭირა, რომელსაც ორგანიზაციაში ყველაზე მეტი ხმა აქვს, მაგრამ 2021 წლის სკანდალის შემდეგ, რომელიც “მსოფლიო ბანკის” ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში ჩინეთის პოზიციის შესაძლო ხელოვნური გაუმჯობესებას გულისხმობდა, გეორგიევასა და ამერიკას შორის ურთიერთობა გაუარესდა. ამ ეტაპზე უცნობია, იყრის თუ არა კენჭს მოქმედი მმართველი დირექტორი მეორე ვადით არჩევაზე.