IMF-ის აღმასრულებელი დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა სამუშაო ვიზიტით კიევს ესტუმრა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ გეორგიევა კიევში ბოლოს 2023 წელს იმყოფებოდა. როგორც მედია წერს, საერთაშორისო მონეტარული ფონდის ხელმძღვანელმა და უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნისთვის დამატებით $8.1 მილიარდი დოლარის სესხის გაცემის საკითხი განიხილეს. გავრცელებული ინფორმაციით, საკითხს IMF-ის ბორდი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილავს.
კრისტალინა გეორგიევა იმედოვნებს, რომ IMF-ის წევრი ქვეყნები სესხის გაცემას მხარს დაუჭერენ, რადგან ნოემბრის თვეში შეთანხმებული წინაპირობები, რომლებიც $8.1-მილიარდიანი დახმარების მიღებისთვისაა საჭირო, უკრაინამ, მეტწილად უკვე დააკმაყოფილა, თუმცა რჩება რამდენიმე საკითხი, რამაც IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, შეიძლება სესხის გაცემა შეაფერხოს. როგორც ირკვევა, საერთაშორისო ინსტიტუტისთვის პრობლემურად აღიქმება სამომხმარებლო პროდუქტების ნაწილზე დღგ-ს დაწესებისაგან თავის შეკავება. ამ მხრივ, უკრაინაში პოლიტიკური წინააღმდეგობა არსებობს. გეორგიევა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის, ასევე ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვისთვის ამ რეფორმის გატარება საჭიროა. კერძოდ, აუცილებელია, რომ არ არსებობდეს არცერთი სამომხმარებლო პროდუქტი, რომელსაც დამატებითი ღირებულების გადასახადის არ დაედება.




























