საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდიდან გამქრალია ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა კრიზისის დროს, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის 6 თვის განმავლობაში 150 ლარის მოცულობის დახმარებას (ჯამში 900 ლარს) გადაუხდიდა.
დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ IMF-ის ვებგვერდზე ეს ჩანაწერი “გაიპარა” და ის “ტექნიკურ შეცდომას” წარმოადგენდა. მთავრობის მეთაური განმარტავს, რომ მსგავსი დახმარების შესახებ მსჯელობა ერთ თვეზე მეტი ხნის წინ მიმდინარეობდა, ხოლო ნამდვილი დახმარების პროგრამა კი რომელსაც საქართველოს მთავრობა წარადგენს, საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ იქნება.
BMG-იმ სავალუტო ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ გუშინ დაწერა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ IMF-ის ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას დღეს გააკეთებდნენ.
დღესვე, პრემიერ-მინისტრმა, სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმების მიღწევის შესახებ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ქვეყანა დონორებისგან $1.5 მილიარდს მიიღებს.
გიორგი გახარიას განცხადება 150-ლარიან დახმარებაზე:
“კითხვა იყო, ვფიქრობ თუ არა, რომ ეს თანხა (150 ლარი) არის საკმარისი. გეტყვით, რომ რა თქმა უნდა არა. 150 ლარი არ იქნება და იქნება უფრო მეტი. მოგეხსენებათ რომ 150 ლარი არის საარსებო მინიმუმზე ნაკლები, შეუძლებელია უბრალოდ ჩვენ ვისაუბროთ იმ ადამიანების ყოველთვიურ დახმარებაზე, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი.
ყველა ექსტრემალურ ვითარებაში მუშაობს, არამხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ თითქმის ყველა მთავრობა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობაც და მისიაც. მთლად სიმართლე თუ გინდათ, ეს იყო იმ დროს მომზადებული, სანამ ღრმა კრიზისში შევიდოდით, სულ პირველი მონახაზი 1.5-2 თვის წინ მომზადებული, სადაც ვფიქრობდით, რომ ერთჯერადი რაღაც შეიძლება მომხდარიყო. ეს ციფრი აქტუალური არ ყოფილა და თან ამას ემატებოდა სხვა რაღაცეებიც, იქ იყო სხვა დახმარება და ასე შემდეგ. დღეის მდგომარეობით, ეს “გაიპარა” და ტექნიკური შეცდომა იყო.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ავღნიშნავ, რეალურად, ქვეყანაში პირდაპირი მიზნობრივი სოციალური დახმარება ადამიანების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს სამსახური რა თქმა უნდა შეუძლებელია რომ იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები.
შეუძლებელი იქნებოდა ამ დროს კონკრეტულ პორტფელებზე და დახმარების ციფრებზე გვესაუბრა, მანამ სანამ არ გვექნებოდა შეთანხმებული პარამეტრები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მანამ სანამ არ გვექნებოდა დონორებთან შეთანხმებული მზა პორტფელი დახმარების და კიდევ ბევრი სხვა პარამეტრი. ეს იყო ჩვენი მთავრობის პირველი რიგის ყველაზე მწვავე ამოცანა, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ უკვე და მის შესახებ მოგახსენეთ.
მინდა გაგახსენოთ, რომ სოციალური დახმარების პაკეტის ნაწილი მთავრობამ უკვე წარადგინა. კომუნალური ხარჯების ნაწილში ჩვენ უკვე ვეხმარებით ძალიან დიდ ნაწილს მოსახლეობისას. ჩვენ ეს გავაკეთეთ იმისთვის, რადგანაც ვიცოდით, რომ მიზნობრივი, წერტილოვანი დახმარების პროგრამის შექმნისთვის ჩვენ დრო დაგვჭირდებოდა. ჩვენ უკვე გვაქვს ამ სოციალური დახმარების ძირითადი მონახაზი, თუმცა რა თქმა უნდა მას სხვა მდგენელებიც ესაჭიროება, ამას სჭირდება დაფიქსირება ვინ დაკარგა სამსახური, ვინ იყო თვითდასაქმებული და კიდევ ბევრი რამ სჭირდება. ან თვითდასაქმებულებს, რომელთა იდენტიფიცირებაც პრობლემა იქნება როგორ ვეხმარებით? - ბევრი საკითხია. გარდა ამისა უნდა გვესმოდეს, რომ სოციალურად დაუცველთა კრიტერიუმებშიც ბევრი რამ იქნება შესაცვლელი, რადგან ადამიანი რომელიც სამსახურს დაკარგავს და ახალს ვერ იპოვის ის გადადის სოციალურად დაუცველების ნაწილში. აქ ბევრი კომპონენტია,"- ამბობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.