მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF-მა რისკები დაინახა, რადგან სებ-ს მთავრობის მიმართ ტრანსფერების შეზღუდვისკენ მოუწოდა - კუკავა

მიხეილ კუკავა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს მთავრობასთან დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობა უნდა შეეზღუდოს. ამის შესახებ IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ მიმოხილვაში არის საუბარი.

როგორც საკითხის შეფასებისას BMG-ის Stemscale-ის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა განუცხადა, IMF-ის რეკომენდაციებში ამ საკითხის მოხვედრა იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა რჩება.

მიხეილ კუკავას განცხადებით, კანონში მსგავსი ცვლილებების შეტანის მიზანი მთავრობის მხრიდან ეროვნულ ბანკზე შესაძლო ზეწოლის დაზღვევაა.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდი [შემაჯამებელ შეფასებაში] რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტის შესახებ აფრთხილებს ეროვნულ ბანკს და მთავრობას. აქედან უმთავრესია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხი. 2023 წელს სავალუტო ფონდმა საქართველოსთან შეაჩერა 280 მილიონიანი პროგრამა. ეს გამოწვეული იყო იმ რისკებით, რაც დაუდგა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. [შეფასებაში] სწორედ ამაზე საუბრობს სავალუტო ფონდი, მათ შორის დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების შეზღუდვის აუცილებლობა, სწორედ ამის ნაწილია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამ მეოთხე თავის კონსულტაციების დასკვნებიდან.

მთელი პრობლემა ისაა, რომ დისკრეციულ ფინანსურ ტრანსფერს არ აქვს გამოკვეთილი და მკაფიო წესები. ნებისმიერ დროს, სხვადასხვა შეიძლება ეროვნულმა ბანკმა მთავრობას [ფინანსური] რესურსი მისცეს და სწორედ ამიტომ ჰქვია მას დისკრეციული ფინანსური ტრანსფერები. როდესაც ეროვნულ ბანკს სათავეში უდგას მისი ყოფილი წარმომადგენელი, ყოფილის ეკონომიკის მინისტრი, განსაკუთრებით ამ დროს იზრდება რისკი, რომ მთავრობამ მოსთხოვოს ეროვნულ ბანკს დახმარება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი რისკი, რაზეც სავალუტო ფონდი საუბრობს.

ამაზე ხაზგასმა არის ნაწილი იმ რისკების, რაც დაემუქრა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. სავალუტო ფონდი ადრე, 2023 წლამდე, რატომ არ საუბრობდა დისკრეციული ტრანსფერების შეზღუდვაზე, იმიტომ, რომ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი იყო ეროვნული ბანკი. 2023 წლამდე ეს რისკები არ არსებობდა. [ახლა] ამიტომ ალაპარაკდა ზუსტად დისკრეციული ტრანსფერების შეზღუდვაზე სავალუტო ფონდი, რომ დაინახა რისკები იმ პირობებში, როდესაც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ფაქტობრივად აღარ არსებობს და ის არის მთავრობის ნაწილი. ამ პირობებში, კიდევ უფრო გაიზარდა იმის რისკი, რომ მთავრობამ მოახდინოს ზეწოლა [სებ-ზე] დისკრეციული ტრანსფერების მისაღებად”, - განაცხადა მიხეილ კუკავამ.

ცნობისთვის, მთავრობის მიმართ დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების აკრძალვა შეეხება მთავრობის მიმართ სებ-ის მიერ ისეთი ფინანსური გადარიცხვის განხორციელების შეჩერებას, რომლის შესახებაც თავად სებ-ს დისკრეციულად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება.

მსგავსი დაფინანსება სებ-ს ფაქტობრივად არასდროს გაუცია, თუმცა IMF-ში მიიჩნევენ, რომ უმჯობესია თუკი აღნიშნული კანონმდებლობით იქნება აკრძალული. სწორედ ამიტომ IMF-ი დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების გაცემის შეზღუდვას ითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები