IMF საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის წარმომადგენლის, მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემურმა გავრცელებამ გაართულა ქართველი ხალხის ყოფა და გააუარესა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა.
„საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ღონისძიებებს, რაც შეარბილებს ამ შოკის გავლენას მოსახლეობაზე და ეკონომიკაზე.
სსფ აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან, მიმდინარე პროგრამის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში დამატებითი ფინანსური რესურსის მისაწოდებლად, რაც საჭიროა ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ეკონომიკის და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. შოკის გავლენის შესუსტებასთან ერთად, სსფ-ს დაფინანსება სხვა დონორების დაფინანსების წამახალისებელიც გახდება“, - აცხადებს მერსედეს ვერა მარტინი.